არჩილ თალაკვაძე - ჯაფარიძეს ჰქონდა საშუალება, გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული მექანიზმები ყველა საკითხის გამოსაკვლევად, „ქართული ოცნება“ არ იყო და არც მომავალში იქნება რაიმე მსგავსი წერილის თანამონაწილე
არჩილ თალაკვაძე - ჯაფარიძეს ჰქონდა საშუალება, გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული მექანიზმები ყველა საკითხის გამოსაკვლევად, „ქართული ოცნება“ არ იყო და არც მომავალში იქნება რაიმე მსგავსი წერილის თანამონაწილე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდა საშუალება, გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული მექანიზმები ყველა იმ საკითხის გამოსაკვლევად, რაზეც ის განცხადებებს აკეთებდა.

„ოპოზიციას და ბატონ ჯაფარიძეს ჰქონდა საშუალება, გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული მექანიზმები ყველა იმ საკითხის გამოსაკვლევად, რაზეც ის განცხადებებს აკეთებდა, თუნდაც ამ წერილთან მიმართებაში, ის ჯერ არ ამბობდა, თუ ვინ გადასცა წერილი, დღეს უკვე აკეთებს ასეთ განცხადებებს. მე ვფიქრობ, რომ ორი ოპოზიციური პარტია და მისი ლიდერები ერთმანეთში გაარკვევენ ამ ურთიერთობას. მათ აქვთ საშუალება, რომ პირადად გასცენ პასუხები ერთმანეთს. ასე რომ, ჩვენი მხრიდან წერილთან დაკავშირებით არ მგონია, სხვა დღეს რამე  მოისმინოთ. ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, გახარია არის თუ არა ხელისუფლებაში, ნებისმიერ ასეთ საკითხს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა და ყველა მოქმედებს კანონმდებლობის თანახმად.

რაც შეეხება წერილთან დაკავშირებულ დეტალებს, ვინ რას ფიქრობს, ამაზე შეგიძლიათ ჰკითხოთ როგორც ბატონ ჯაფარიძეს, ისე ბატონ გახარიას, ისინი დღეს არიან ოპოზიციაში, დარწმუნებული ვარ, პრობლემა არ ექნებათ, მედიას ამაზე უპასუხონ. ხელისუფლებას არანაირი დამატებითი ან ახალი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს, გარდა იმისა, რაც მედიისგან მოისმინეს. ვისგანაც მოისმინეთ მედიიდან, მათთან შეგიძლიათ, დააზუსტოთ მეტი ინფორმაცია. ჰკითხეთ ადამიანებს, ვინც ამტკიცებს და მეორე პასუხობს, გახარიას აბრალებს ჯაფარიძე და მე მეკითხებით, არსებობდა თუ არა? ვინ უნდა გაარკვიოს არსებობდა თუ არა, მგონი, მე პროკურატურა არ ვარ, მე ვარ პარლამენტის წევრი. ახლა გაარკვიეთ, რომ „ქართული ოცნება“ ამაში არ იყო ჩართული? უკაცრავად, ჩვენ მაშინაც ვუთხარით ჩვენი პოზიცია ხალხს და დღესაც ვეუბნებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ არ იყო და არც მომავალში იქნება რაიმე მსგავსი წერილის თანამონაწილე.

„თუ ბატონ ჯაფარიძეს აქვს მეტი სათქმელი ამაზე, შეუძლია, თქვას. თუ ბატონ გახარიას სურს მეტი უპასუხოს ჯაფარიძეს, ისიც დღეს არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და შეუძლია, უპასუხოს. წერილის შინაარსის თარგმნა და კომენტარების გაკეთება დღეს, მაშინ, როდესაც ოპოზიციური ლიდერები ერთმანეთს კითხვებს და პასუხებს უსვამენ, ვფიქრობ, არანაირად არ არის სწორი და არც იქნება სამართლიანი, რომ ჩვენ ვუპასუხოთ ერთი ოპოზიციონერის კითხვებს ან მეორის პასუხებზე გავაკეთოთ კომენტარები, ორივე არის დღეს პოლიტიკური პარტიის ლიდერი და მათ უპასუხონ ამ კითხვებს, გაცვალონ ერთმანეთში კომენტარები.

ოპოზიცია რასაც ამბობს, იმაზე ახსნა-განმარტების გაკეთება არ არის „ქართული ოცნების“ მოვალეობა, მათი მოვალეობაა,  განმარტონ, რას გულისხმობენ განცხადებებში, რასაც აკეთებენ. ოპოზიციური პარტიის ერთმა ლიდერმა ოპოზიციური პარტიის მეორე ლიდერს უთხრა და განცხადება გააკეთა მასთან მიმართებაში, მეორემ უპასუხა ან უნდა უპასუხოს, „ქართულმა ოცნებამ“ თარჯიმნის როლი რატომ უნდა შეასრულოს? ჩვენი თანაგუნდელი როცა იყო, მაგ საკითხზე ჩვენი პოზიცია იცით და დღესაც იგივეა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, მუქარის შემცველი წერილი გახარიასგან გადაეცა პირადად მას, თუმცა წერილის ადრესატი ასევე იყო მამუკა ხაზარაძე. ჯაფარიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ გიორგი გახარია არ იხდის ბოდიშს ამის გამო და საზოგადოებას სიმართლეს უმალავს. ბადრი ჯაფარიძის აზრით, გახარიას ეშინია იმის, ვინც წერილის მათთვის გადაცემა დაავალა.