არჩილ თალაკვაძე - გვწამს, ჩვენი პარტნიორები კრემლს გადასცემენ ნათელ გზავნილს, რომ ევროპაში ოკუპაციისა და აგრესიის გზით საზღვრების შეცვლა მიუღებელია
არჩილ თალაკვაძე - გვწამს, ჩვენი პარტნიორები კრემლს გადასცემენ ნათელ გზავნილს, რომ ევროპაში ოკუპაციისა და აგრესიის გზით საზღვრების შეცვლა მიუღებელია

ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი პარტნიორები კრემლს გადასცემენ ნათელ გზავნილს, რომ ევროპაში საზღვრების შეცვლა ოკუპაციისა და აგრესიის გზით სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) რიგით მე-13 კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატო-სა და ევროკავშირთან პარტნიორობა დღეს იმაზე მეტს ნიშნავს საქართველოსთვის, ვიდრე ოდესმე, რათა უზრუნველვყოთ ის სწორი გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, უზრუნველვყოთ ჩვენი მშვიდობიანი განვითარება და პროგრესი.

„იმის ფონზე რომ მსოფლიო სულ უფრო და უფრო რთული და საშიში ხდება, მეკავშირეები მუდმივად ერთმანეთის გვერდით უნდა იდგნენ. 30 წელი გავიდა ბერლინის კედლის დანგრევიდან და 27 წელი კი საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციიდან. ხუთი წელი გავიდა ყირიმის უკანონო ანექსიიდან, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ რჩება უდიდეს საფრთხედ ჩვენი უსაფრთხოებისათვის და აგრძელებს მავთულხლართების გაყვანას. თუმცა, წარმოვადგენთ რა იმ ერს, რომელიც მიისწრაფის დემოკრატიის, ტოლერანტობისა და სამართლიანობის პრინციპებისადმი, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავიხიოთ უკან. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმოადგენს საქართველოს განაცხადს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის თაობაზე, და უდიდეს შესაძლებლობებსა და სარგებელს სთავაზობს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებს.​ ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი პარტნიორები კრემლს გადასცემენ ნათელ გზავნილს, რომ ევროპაში საზღვრების შეცვლა ოკუპაციისა და აგრესიის გზით სრულიად მიუღებელია, და გვწამს, რომ ჩვენი პარტნიორები დაარწმუნებენ რუსეთს, იმოქმედოს საერთაშორისო წესრიგის ფარგლებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ქართველებს კარგად ესმით შავის ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევების სირთულე და აცნობიერებენ წვლილს ამ გამოწვევების აღმოფხვრაში.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არცერთ მესამე მხარეს არ ძალუძს განსაზღვროს ჩვენი მომავალი. ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც საკუთარ მომავალს ააშენებს და უზრუნველყოფს უწყვეტ მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩვენ მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ღირსეული მიზნის მისაღწევად. ნება მიბოძეთ, მადლობა გადაგიხადოთ ყველას შავი ზღვის უსაფრთხოებაში დაინტერესებისთვის და საქართველოში ჩამობრძანებისთვის ჩვენი მხარდაჭერის გამოსახატავად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი