არჩილ თალაკვაძე - გულდასაწყვეტი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მიიღეს მხარდაჭერა, რათა პარლამენტში შესულიყვნენ
დღეს უკვე ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, როდესაც ახალი, მცირე პოლიტიკური პარტიებიც შემოვიდნენ პარლამენტში და გულდასაწყვეტი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მანდატები მიიღეს, შესულიყვნენ პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, 2020 წელს არჩევნები რომ სრულად პროპორციული არჩევნები ხუთ პროცენტიანი ბარიერით ჩატარებულიყო, პარლამენტში მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შევიდოდა, უმრავლესობაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ კი ოთხით მეტი მანდატი ექნებოდა, ვიდრე დღეს აქვს.
„დღეს მაინც უნდა ეყოთ გამბედაობა იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გვაკრიტიკებდნენ და აღიარონ, რომ ჩვენ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პროცესი დემოკრატიული რეფორმების სწორად გვქონდა დაგეგმილი და სწორი იყო ჩვენი არგუმენტები. თუ რატომ 2024 წელი და რატომ სჯობდა შერეული საარჩევნო სისტემით, მეტი პროპორციულობით ჩაგვეტარებინა 2020 წლის არჩევნები. ეს უკვე დაამტკიცა დრომ და პოლიტიკურმა პროცესმა, თუმცა ჩვენ ამას არავის ვამადლით.
როდესაც ვსაუბრობ ახალ ოპოზიციაზე, ახალი ოპოზიცია ეს არის ახალი პოლიტიკური კლასი, პოლიტიკოსები, რომლებიც არ არიან გასვრილი იმ საქმეში, რასაც ჰქვია დემოკრატიაზე თავდასხმა, რასაც ჰქვია პოლიტიკური ვაჭრობა, რასაც ჰქვია პოლიტიკური შანტაჟი, რასაც ჰქვია უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფია და პასუხისმგებლობა დარღვევებზე, რაც რამდენიმე ტრადიციულ პოლიტიკურ პარტიას მოჰყვება მემკვიდრეობით. დღეს უკვე, ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, როდესაც ახალი, მცირე პოლიტიკური პარტიებიც შემოვიდნენ პარლამენტში და გულდასაწყვეტი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ხალხის მხარდაჭერა მიიღეს, რომ პარლამენტში შესულიყვნენ “, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.