არჩილ თალაკვაძე - სჯობდა, გიორგი მარგველაშვილს პირდაპირ ეთქვა, რომელ პარტიას უჭერს მხარს, საზოგადოებამ მაინც დაინახა, რომ მისი განცხადება პირდაპირ ითარგმნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერად
არჩილ თალაკვაძე - სჯობდა, გიორგი მარგველაშვილს პირდაპირ ეთქვა, რომელ პარტიას უჭერს მხარს, საზოგადოებამ მაინც დაინახა, რომ მისი განცხადება პირდაპირ ითარგმნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერად

სჯობდა, გიორგი მარგველაშვილს პირდაპირ ეთქვა, რომელ ოპოზიციურ პარტიას უჭერს მხარს, რადგან საზოგადოებამ მაინც დაინახა, მისი განცხადება პირდაპირ ითარგმნება, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მარგველაშვილი წლების განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდა და ახლა მხარს უჭერს, რაც არათანმიმდევრულია.

„გიორგი მარგველაშვილის განცხადებას აღვიქვამ, როგორც არათანმიმდევრულ განცხადებას. მით უმეტეს, როცა ამ დროისთვის, ის არ არის არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და როგორც თავად აცხადებს, გარკვეული როლი აქვს, როგორც ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან არ იყო მართებული, როცა მეორე ტურზე ასეთი განცხადება გააკეთა. სჯობდა, მას პირდაპირ ეთქვა, რომელ ოპოზიციურ პარტიას უჭერს მხარს, რადგან საზოგადოებამ მაინც დაინახა და მისი განცხადება პირდაპირ ითარგმნება, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. თავად ამბობს, რომ წლების განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდა და დღეს მხარს უჭერს იგივე პოლიტიკურ გუნდს, რომელიც წარსულში მიაჩნდა უმძიმეს დანაშაულებში დამნაშავედ, ეს არის არათანმიმდევრული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში ხმას ოპოზიციას მისცემს. „მე, როგორც თბილისის მოქალაქეს, არჩევანი არ მაქვს მესამე პარტიასთან მიმართებაში. მაქვს კონკრეტული არჩევანი – კალაძე და მელია. რა გავაკეთო? უარი ვთქვა ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე და არ მივიდე არჩევნებზე, მივიდე გაბრაზებული და ბიულეტენი დავხიო ან შიგნით რაიმე სასაცილო დავწერო იმ იმედით, რომ მეორე დღეს მედიაში აჩვენებენ ამ ბიულეტენს, თუ მივიდე და გავაკეთო არჩევანი? მე შემოვხაზავ ოპოზიციას“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.