არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა თქვეს, არჩევნების გვერდის ავლით პროცესების განვითარებას მხარს არ ვუჭერთო და ეს გვერდის ავლა ვისი გამოცდილება და ტექნოლოგიაა, ყველამ კარგად იცის
არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა თქვეს, არჩევნების გვერდის ავლით პროცესების განვითარებას მხარს არ ვუჭერთო და ეს გვერდის ავლა ვისი გამოცდილება და ტექნოლოგიაა, ყველამ კარგად იცის

თქვენ ნახეთ, რამხელა განსხვავება იყო ბატონი დანიელსონისა და ოპოზიციის განცხადებებს შორის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ბოლოს, როდესაც ბატონი დანიელსონი გამოვიდა და შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა, მერე კი ბრიუსელში გაფრინდა, თქვენ ნახავდით, რამხელა განსხვავება იყო ბატონი დანიელსონისა და ოპოზიციის განცხადებებს შორის. მედიატორმა თქვა, რომ მოლაპარაკებით პროცესი აშკარად წინ წავიდა და მნიშვნელოვანი საკითხები დაახლოვდაო და ჩვენც ეს ვთქვით; ოპოზიცია კი გამოვიდა და თქვა მედიატორის განცხადებიდან რადიკალურად განსხვავებული რამ, რომ ყველაფერი გაუარესდა. ადრე, ორი დღე ამბობდნენ, დოკუმენტი და პირობები უმჯობესდება და პოზიციები ახლოვდებაო, ახლა კი, ბატონი დანიელსონისგან დიამეტრალურად განსხვავებული რაღაც თქვეს, ყველაფერი ცუდად მიდიოდა და ბოლოს ჩაიშალაო, არაფერზე შეთანხმება არ გვაქვს, „ქართულ ოცნებას“ ხისტი პოზიციები აქვს და არაფერი კომპრომისი არ მოუტანიაო. მაშინ, როდესაც თვითონ ვერ ამბობენ, რა კომპრომისი მოიტანეს და ვერც ერთ სამართლიან პირობას ვერ ასახელებენ, რაზეც შეთანხმების დროს თქვეს, რომ ეს შეიძლება, იყოს მისაღები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იყო თუ არა კრისტიან დანიელსონის მხრიდან „ქართული ოცნების“ მისამართით ისეთი შეთავაზება, რაზეც მმართველი გუნდი არ დათანხმდა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი თავისი მხრიდან შემოთავაზებებს არ აკეთებდა. 

„ეს მედიაცია დაფუძნებული იყო იმ საკითხებზე, რაც ოპოზიციამ შარლ მიშელს მიაწოდა. შესაბამისად, ჩვენ ვმსჯელობდით, რომ ყველა ამ საკითხზე პასუხები გვქონოდა. თუ ეს იქნებოდა თანხმობა, რა თქმა უნდა, შევთანხმდებოდით, ხოლო თუ ეს არ იქნებოდა თანხმობა, აქ უნდა ყოფილიყო ობიექტური არგუმენტები, რატომ არ შეიძლება ამაზე ამ სახით შეთანხმება და ჩვენ ერთიც გვქონდა მეორეც. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველა საკითხზე ძალიან პრინციპულად გამართული პოზიციები იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა ძალიან ნიშანდობლივი რამ თქვეს, რომ ისინი არჩევნების გვერდის ავლით ქვეყანაში რამე პროცესების განვითარებას მხარს არ უჭერენ.

„ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა ძალიან ნიშანდობლივი რამ თქვეს, არჩევნების გვერდის ავლით ქვეყანაში რამე პროცესების განვითარებას ჩვენ მხარს არ ვუჭერთო და ეს გვერდის ავლა ვისი გამოცდილება და ტექნოლოგიაა, ყველამ კარგად იცის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციას თუ არ უნდა, იყოს ოპოზიცია, ეს დემოკრატიასთან შეუთავსებელია.

„ესეც თუ აქეთ ჩვენ უნდა დაგვამადლონ, რომ პარლამენტში შემოვლენ, მე არ ვიცი, მაშინ, არჩევნებში რატომ მიიღეს მონაწილეობა? თუ ოპოზიცია ამბობს – ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ ოპოზიცია და სანამ არ გავიმარჯვებთ, არჩევნები არ არის ლეგიტიმური და სამართლიანი, ეს უბრალოდ, ძირს უთხრის დემოკრატიას. თუ ოპოზიციას არ უნდა, იყოს ოპოზიცია, ეს უკვე შეუთავსებელია დემოკრატიასთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.