არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საკითხს ერთად განიხილავს, განვაგრძოთ სამუშაო და იმედი ვიქონიოთ, რომ დამსახურებულად მივიღებთ სტატუსს
საქართველოს აქვს რეალური შანსი, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„იმიტომ, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი, თავისი კულტურით, ისტორიით, ღირებულებათა სისტემით და იმ რეფორმებით, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. თუმცა, აქ ჩვენ არ უნდა შევქმნათ გადაჭარბებული მოლოდინი და საზოგადოება არ უნდა მოვატყუოთ, როგორც სააკაშვილი ატყუებდა მაშინ, ყოველ წელიწადს რომ ჩადიოდა სხვადასხვა შეხვედრაზე და საზოგადოებას ეუბნებოდა, სტატუსი ვერ მივიღეთ, მაგრამ, სტატუსზე უკეთესი სტატუსი მივიღეთო. ჩვენ ჩვენს საზოგადოებას არ ვატყუებთ და ვეუბნებით, რომ ამას სჭირდება მოთმინება და ბევრი სამუშაოს შესრულება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველო დამსახურებულად მიიღებს.
„დღეს, როდესაც უკრაინაში არის ასეთი რთული ვითარება, როდესაც ომია და ევროპის უსაფრთხოების მთავარი პირობები კიდევ ერთხელ არის დაფიქრების საგანი, იმედი მაქვს, ევროკავშირის მხრიდან იქნება არსებითი და სწრაფი ნაბიჯები პირველ რიგში, უკრაინასთან, მერე კი, რა თქმა უნდა, საქართველოსთან და მოლდოვასთან მიმართებაში. თუმცა, როცა ვამბობ მერე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ერთ პაკეტში. უბრალოდ, დღეს ჩვენი მთავარი ყურადღება არის უკრაინელებისკენ და მთავარი მხარდაჭერა აქვთ უკრაინელებს, ჩვენგან და მთელი მსოფლიოსგან. დღეს ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ გვერდით დგომა. ვერსალის შეხვედრაზე ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საკითხი ერთად განიხილება. ამიტომ განვაგრძოთ ჩვენი სამუშაო და იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო დამსახურებულად მიიღებს ამ სტატუსს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ ვერ ხერხდება გაზრდილი რისკების ფონზე პოლარიზაციის შემცირება პოლიტიკურ სპექტრში, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ დესტრუქციულ ძალებს სურთ არა პოლარიზაციის შემცირება, არამედ ქვეყნის არაპროგნოზირებად ვითარებაში შეყვანა.
„პოლარიზაციის შემცირება ნიშნავს, როცა მე და თქვენ გვინდა ან შერიგება, ან ვხედავთ საკითხებს, რომელზე თანამშრომლობაც საჭიროა და ღირებულია. მეორე მხარეს ვინ დგას? – ის, ვისაც არანაირი შერიგება არ აინტერესებს და საკუთარ საზოგადოებასთან ბოდიშის მოხდაც კი ვერ მოახერხა ამდენი წლის შემდეგ. მეორე მხარეს დგას ის, ვისაც არათუ საერთო ამოცანებზე შეთანხმება სურს, არამედ პირიქით, სჭირდება ხელისუფლების და ქვეყნის ისეთ ვითარებაში, რისკებსა და პროცესებში შეყვანა, რომელიც ხელისუფლებას დაასუსტებს, შექმნის გაუგებარ, არაპროგნოზირებად ვითარებას, კრიზისს და ისინი შეეცდებიან, ამ კრიზისში, როგორმე, ამღვრეულ წყალში რაღაც მიზანს მიაღწიონ. ამ ადამიანებთან და პოლარიზაციის შემცირებაზე მესაუბრებით?“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, ხელისუფლებამ სხვადასხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით დეპოლარიზაცია მოახდინა და პოლარიზაცია შეამცირა.
„კონკრეტულ ნაბიჯებს გეტყვით – ჩვენ შევამცირეთ პოლარიზაცია, როდესაც მედიის თავისუფლება განვამტკიცეთ. მესმის, რომ ბევრჯერ რთული მოსასმენია იმ დეზინფორმაციის და ცილისწამების მოსმენა, რაც მათ მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში, მაგრამ დღეს საქართველოს აქვს პლურალისტული მედია, სადაც ყველა ხმა ისმის; ჩვენ შევამცირეთ პოლარიზაცია, როდესაც შევცვალეთ კონსტიტუცია და ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსი შევქმენით. ჩვენ შევამცირეთ პოლარიზაცია, როდესაც საარჩევნო კოდექსი შევცვალეთ და დღეს პარლამენტში ცხრა ოპოზიციური პარტიაა, რაც არასოდეს ყოფილა; მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს თავი დემოკრატიის შუქურად რომ მოჰქონდა და დღესაც კრიტიკული მოსაზრებებით გამოდიან, ჰქონდათ აბსოლუტურად იმიტირებული დემოკრატია და ერთპარტიული მმართველობა. ისინი 2007 წლიდან აღარ იყვნენ ხელისუფლებაში, თუ სიმართლე გინდათ და გაყალბებული არჩევნებითა და ძალადობით გაატარეს 2012 წლამდე პერიოდი. დეპოლარიზაცია იყო, როდესაც ჩვენ სასამართლო სისტემა გავათავისუფლეთ პოლიტიკური მითითებებისგან და ა.შ.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.