არჩილ თალაკვაძე - ე.წ. პოლიტიკური პატიმრების 85-კაციანი სიიდან 80-მდე საერთოდ არ იმყოფება პატიმრობაში, ერთი სხვა საქმეზეა მსჯავრდებული, ხუთის საქმე კი ვერ იქნება პოლიტიკური
არჩილ თალაკვაძე - ე.წ. პოლიტიკური პატიმრების 85-კაციანი სიიდან 80-მდე საერთოდ არ იმყოფება პატიმრობაში, ერთი სხვა საქმეზეა მსჯავრდებული, ხუთის საქმე კი ვერ იქნება პოლიტიკური

დღეს ეს ხალხი რომ ატყუებს საზოგადოებას, თითქოს პატიმრები არავის უნახავს და მშობლები ნერვიულობენ, ყველამ ვნახეთ, ვინ ნერვიულობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი სიიდან არც ერთი არ აღმოჩნდა პოლიტიკური პატიმარი.

„ე.წ. პოლიტიკური პატიმრების 85-კაციანი სია წარმოადგინეს, რომლის გადამოწმების შედეგად, იმავე დღეს აღმოჩნდა, რომ აქედან 80-მდე ადამიანი საერთოდ არ იმყოფება პატიმრობაში. იმ ექვსი ადამიანიდან, ვინც პატიმრობაშია, ერთი საერთოდ სხვა საქმეზეა მსჯავრდებული და დანარჩენები ან მსჯავრდებული, ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში არიან ისეთ საქმეებზე, რომელიც პრინციპულად ვერ იქნება პოლიტიკური საქმე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას არც ერთი პოლიტიკური სისტემა, არც ერთი დემოკრატია და არც ერთი სახელმწიფო არ მოითმენს.

„დღეს ეს ხალხი სპეკულირებენ პატიმრების უფლებებით. ახლა მე მინდა, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, პატიმრების პირობების მონიტორინგი დღეს არის შესაძლებელი 24 საათის განმავლობაში, ყოველდღე. ამის უფლება აქვს საქართველოს ომბუდსმენს. კეთილი ინებონ, თუ მართლა ფიქრობენ, რომ ვინმეს აქვს პრობლემა პატიმართაგან, მიმართონ საქართველოს ომბუდსმენს, რომელსაც შეუძლია, მონიტორინგის ჯგუფი დაუყოვნებლივ გაგზავნოს და შეამოწმონ საპატირმოს პირობები“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, პატიმრის მონახულების უფლება აქვთ ადვოკატებს და ამ უფლებას ახორციელებენ.

„დღეს ეს ხალხი რომ ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს ეს პატიმრები არავის უნახავს და მშობლები ნერვიულობენ, ყველამ ვნახეთ, ვინ ნერვიულობს. ეს ხალხი ნერვიულობს სინამდვილეში და პატიმრებზე კი არ ნერვიულობენ, ნერვიულობენ იმაზე, რომ მალე რჩებიან ქუჩაში, რჩებიან ნორმალური პოლიტიკის მიღმა, რჩებიან ცივილიზებული პოლიტიკის მიღმა და ამაზე არის ეს ხალხი ანერვიულებული. თორემ, ამათ რომ მართლა აინტერესებდეთ პატიმრების პირობები, რაც არის დაუჯერებელი, რადგან არასდროს აინტერესებდათ, და საზოგადოებას აუხსნან წესიერად, რა უნდათ და რისთვის შედიან სხვადასხვა პატიმრებთან ასეთი სიხშირით. ხდება ხოლმე, როდესაც ერთი და იგივე პატიმართან ძალიან მოკლე დროში რამდენიმე ვიზიტი ხორციელდება. აუხსნან საზოგადოებას, რა ხდება, რას ემსახურება მათი ვიზიტები სასჯელაღსრულებით სისტემაში ასე ხშირად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.