არჩილ თალაკვაძე - ძალიან ბევრი გაკეთდა ამ წლების განმავლობაში, საქართველო მზად არის დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად, მზად არის შემდგომი განვითარებისთვის
არჩილ თალაკვაძე - ძალიან ბევრი გაკეთდა ამ წლების განმავლობაში, საქართველო მზად არის დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად, მზად არის შემდგომი განვითარებისთვის

ძალიან ბევრი გაკეთდა ამ წლების განმავლობაში, საქართველო მზად არის დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად, მზად არის შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია.

„პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, მეც და ჩემი ოჯახის წევრებმაც გავაკეთეთ არჩევანი. მე ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ ამ წლების განმავლობაში, პოზიტიურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მომავლის და ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესს და ამაში თითოეული თანამოქალაქის მონაწილეობა დღეს არის აუცილებელი.

მადლობას ვუხდი მთელს საზოგადოებას, ყველა თანამოქალაქეს, მათი მხარდაჭერით ძალიან ბევრი გაკეთდა ამ წლების განმავლობაში და საქართველო მზად არის დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად დღეს, მზად არის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ყველა ავტორიტეტული კვლევით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა სხვადასხვა რეგიონში 55-დან 60 პროცენტამდე იყო.

„შესაბამისად, ჩვენ მოველით, რომ ჩვენი საზოგადოება ჩვენთვის ძალიან დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ იდგა ადამიანების გვერდით და რა თქმა უნდა, ჩვენ მადლიერნი ვართ, რომ დღეს ჩვენი თანამოქალაქეები დგანან ჩვენს გვერდით, სახელმწიფოს გვერდით და თავისი უკეთესი მომავლისათვის. რასაკვირველია, ხელისუფლება ერთი მხრივ სრულად, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და მეორე მხრივ, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, რომ თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას, იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი არჩევნები ჰქვია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.