არჩილ თალაკვაძე - ძალადობა არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ხელწერა და აზროვნების სტილი
ჩვენი პარტია ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება, რადგან ძალადობა 2012 წლიდან დღემდე არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ხელწერა და აზროვნების სტილი, ყოველთვის მეტი დემოკრატია და კონსტრუქციული გარემო გვსურდა, რადგან ძალადობა ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რომელიც ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა.
თალაკვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ვინმემ ძალადობრივი ინციდენტებით დემოკრატიულ არჩევნებს ჩრდილი მიაყენოს და ის კონსტრუქციული კამპანია დააზიანოს, რომელიც ახლა მიმდინარეობს.
„ხედავთ, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას სრულფასოვანი შესაძლებლობა აქვს, რომ მოქალაქეებს შეხვდეს, თავისი ლიდერები და საარჩევნო პროგრამები წარუდგინოს. სამართალდამცავ სტრუქტურებს საკანონმდებლო ორგანოსგან სრული მხარდაჭერა აქვთ იმაში, რომ ერთი მხრივ, ასეთი ფაქტების პრევენცია მოახდინონ და მეორე მხრივ, გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ ის პირები, ვინც ძალადობრივ ინციდენტებში მონაწილეობდნენ.
როცა ჩვენს პოლიტიკურ პარტიას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს და ავტორიტეტული კვლევებით ეს მხარდაჭერა 56 პროცენტზე მეტია, ასევე გვყავს განახლებული გუნდი და საარჩევნო პროგრამა, პოზიტიური კამპანია გვაქვს, უბრალოდ, არ შეიძლება, რომ მმართველი გუნდის მიმართ ასეთი ცილისწამება უაპელაციოდ ისმოდეს. ჩვენს ინტერესებსა და სტრატეგიაში ძალადობა არ შედის, ამაზე პრინციპული და სწრაფი რეაქციები გვექნება. დარწმუნებული ვარ, ერთეული ინციდენტები გაგრძელებას ვერ ჰპოვებს და საარჩევნო კამპანია კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.