არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
ცვლილებები ორ საკითხს – უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას უკავშირდება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრეთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებზე, რეკომენდაციებსა და წინადადებებზე იმსჯელეს. დამსწრეებმა სამი ძირითადი საკითხი განიხილეს, რომლებიც გასაჩივრებას, დასაბუთებას და კენჭისყრას უკავშირდება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა სამუშაო ფორმატში წარიმართა.
„მოგეხსენებათ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არის შეუსრულებელი. კერძოდ, ეს ორგანიზაციები ითხოვდნენ, რომ უნდა გაუქმდეს მოსამართლეთა კანდიდატების ფარული კენჭისყრის გზით შერჩევის პროცედურა. ასევე, გადაწყვეტილებები კანდიდატებთან დაკავშირებით უნდა დასაბუთდეს და კანდიდატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივრონ.
დღევანდელი შეხვედრა იყო სამუშაო ფორმატის. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტში არის ინიცირებული კანონპროექტი გარკვეული ცვლილებების თაობაზე მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან მიმართებით. სახალხო დამცველმა გუშინ უკვე გაავრცელა კრიტიკული მოსაზრება, რომ ინიცირებული კანონპროექტი ვერ პასუხობს იმ რეკომენდაციებს, რაზეც ეუთო-ოდირი და ვენეციის კომისია საუბრობენ. ვისაუბრეთ, თუ რა უნდა ჩაიწეროს კანონში და რა შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ცვლილებები აკმაყოფილებს ამ ორგანიზაციების პრინციპულ რეკომენდაციებს საქართველოსთან მიმართებით. ველოდებით, რომ იქნება განხილული ეს საკითხები, რაზეც ვისაუბრეთ. როგორც გვითხრეს, ხვალ დაინიცირდება კანონპროექტი და შემდეგ უკვე განხილვის პროცესში ველოდებით, რომ უნდა შევიდეს ცვლილებები“, – განცხადა ნინო ლომჯარიამ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯელობის შედეგად, მოხდა პოზიციების გარკვეულწილად დაახლოება ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად. ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ დაიგეგმოს მომდევნო შეხვედრაც, სადაც პოზიციების საბოლოო შეჯერება მოხდება.
„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში იმ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის შემდგომ დაზუსტებას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, გაიმართა მორიგი შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მონაწილეობით. საკმაოდ ნაყოფიერი დისკუსია და მსჯელობა გაიმართა. ძირითადად განხილული იყო სამი საკითხი – ეს არის გასაჩივრების საკითხი კანდიდატის მიერ, ეს არის დასაბუთების საკითხი და ეს არის კენჭისყრის ღიაობის თუ ფარულობის საკითხი. შემიძლია გითხრათ, რომ მსჯელობის შედეგად ჩვენ გარკვეულწილად პოზიციები უკვე დავაახლოეთ. მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ის, რომ ჩვენ პოზიციებს ვაახლოებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ კიდევ გაგრძელდეს შეხვედრები, სადაც ჩვენ საბოლოოდ შევაჯერებთ პოზიციებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.