არჩილ თალაკვაძე - დღეს ნიკანორ მელიამ სხდომათა დარბაზში პირდაპირ განაცხადა, რომ ივნისის მოვლენების დროს მათი რეალური მიზანი იყო „პარლამენტიდან ჩვენი სათითაოდ გაყვანა“
არჩილ თალაკვაძე - დღეს ნიკანორ მელიამ სხდომათა დარბაზში პირდაპირ განაცხადა, რომ ივნისის მოვლენების დროს მათი რეალური მიზანი იყო „პარლამენტიდან ჩვენი სათითაოდ გაყვანა“

დღეს ნიკანორ მელიამ სხდომათა დარბაზში პირდაპირ განაცხადა, რა იყო ამ თვეების განმავლობაში და ივნისის მოვლენების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ამოცანა და მიზანი, „ჩვენი სათითაოდ გაყვანა პარლამენტიდან“, აი, ეს იყო მათი მთავარი ამოცანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ივნისის დღეებში პარლამენტში მოწყობილი დესტაბილიზაცია, ძალადობრივი შეტევა გახლდათ სწორედ იმისთვის მოწოდებული, რომ მოეხდინათ როგორმე პარლამენტის საბოტაჟი.

„ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ ივნისში, 20-21 ივნისს მართლაც ჰქონდა ადგილი პარლამენტზე შეტევას და ამ შეტევის მიზანი იყო არა დამოუკიდებლბის დაცვა, არამედ ის, რომ არჩევნებში დამარცხებულ პოლიტიკურ პარტიას, როგორმე ძალადობით მიეღწია საკუთარი მიზნისთვის და როგორც თავად თქვა, სათითაოდ გავეყვანეთ აქედან. ვინ გაიყვანეს სათითაოდ და ვინ შემოვიდა სათითაოდ დარბაზში, მთელმა საზოგადოებამ დაინახა. თქვენ მოატყუეთ ამომრჩევლები და ამის ფასს შემდეგ არჩევნებში აუცილებად გადაიხდით. აქვე მსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, ვინც მოიქცა პასუხისმგებლიანად, თავი დააღწია იმ პოლიტიკურ შანტაჟს, რასაც თქვენი რეალური ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა და ხელი მოაწერა შეთანხმების დოკუმენტს, რაც ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იყო. ჯობდა, რომ ეს შვიდი თვე პოლიტიკურ სისტემას არ დაეკარგა, მაგრამ დღესაც რომ ეს მოხდა, არის ძალიან კარგი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებსაც გამოეხმაურა.

„მინდა, აუცილებლად გამოვეხმაურო ერთ მნიშვნელოვან საკითხს, დღეს ამაზე ძალიან ხშირად საუბრობდნენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. ისინი ამბობდნენ, რომ გავრილოვის პარლამენტში შემოშვება არის დანაშაული და პროვოკაცია. ეს თუ იყო პროვოკაცია, რომელიც ჩვენ აღვკვეთეთ, რა იყო ამ პროვოკაციის მიზანი. ამ პროვოკაციის მიზანი იყო, რომ მომხდარიყო დაპირისპირება, მომხდარიყო შეტევა პარლამენტზე, რომ საქართველოში ყოფილიყო არეულობა და მოქალაქეები ერთმანეთთან დაპირისპირებაში შეეყვანათ. ვინ შეასრულა ამ პროვოკაციის მიზანი, სწორედ თქვენ შეასრულეთ, ნიკანორ მელიამ შეასრულა, რაც ჩანს საჯარო კადრებში. იმედი მაქვს, სასამართლო ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და მერე უკვე დანამდვილებით შეგვეძლება თქმა, რეალურად რა დააშავა მან. ამიტომ, თუ ეს პროვოკაცია იყო, როგორც თქვენ ამბობთ, ამ პროვოკაციის მიზანი სწორედ თქვენ განახორციელეთ, იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც იქ იდექით და დილის მშვიდობიან მანიფესტანტებს საღამოს მოუწოდებდით, რომ პარლამენტში შევარდნილიყვნენ. ორი საათის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის პოლიციელებზე ძალადობდით და დღეს აქ პრეტენზიებს აცხადებთ, პოლიციის რამდენიმე წევრმა გადამეტებული ძალა რომ გამოიყენა, როგორ შეიძლება მათი ამნისტია შეეხოთო. ეს არის თქვენი სამართალი და ამ სამართლით როგორც იარეთ ამ შვიდი თვის განმავლობაში, თუ არ შეიცვლებით, ამ სიმართლით მოგიწევთ სიარული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.