არჩილ თალაკვაძე - დაფინანსებაზე ცვლილებების იდეაა, მოქალაქეების გადასახადები დაიხარჯოს იმისთვის, რაც მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, მოხდეს პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაცია
არჩილ თალაკვაძე - დაფინანსებაზე ცვლილებების იდეაა, მოქალაქეების გადასახადები დაიხარჯოს იმისთვის, რაც მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, მოხდეს პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაცია

კანონპროექტის იდეა გახლავთ ერთი მხრივ, რომ მოქალაქეების გადასახადები დაიხარჯოს ზუსტად იმისთვის, რისთვისაც მოქალაქეებმა გადაწყვიტეს და მეორე, მოხდეს პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უყურადღებოდ არ დარჩება.

„წარმოიდგინეთ, მოქალაქეების გადასახადებიდან ექვსი მილიონი ლარი არსებული კანონმდებლობით შესაძლოა, მოხმარებოდა ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აირჩიეს მოქალაქეებმა, მაგრამ მათ უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე პარლამენტში. ამ ფულით რეალურად შეიძლება მაგალითად, სამი სკოლის სრულფასოვანი რეაბილიტაცია ევროსტანდარტებით, შეიძლება ნებისმიერ ქალაქში თანამედროვე პარკის აშენება, მოქალაქეებს, ვისაც სჭირდება დაუფინანსდეთ და ჩაუტარდეთ 20 ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. საკმაოდ სოლიდურ თანხებზეა საუბარი და საუბარია მოქალაქეების გადასახადებზე.

რაც შეეხება იმ მოსაზრებებს, რომელიც ჰქონდა ვენეციის კომისიას, რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებებზე ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რადგან ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ვენეციის კომისიის ნებისმიერ რეკომენდაციას. ამ შემთხვევაში, დღეს უკვე გვაქვს რა თქმა უნდა, განსხვავებული კონტექსტი და ეს რეკომენდაციები შეიძლება ითქვას, უყურადღებოდ არ რჩება. კერძოდ, ეს პროექტის მიხედვით შესაძლოა, ძალაში შევიდეს მომავალი წლიდან და არა ახლა. მეორე, პოლიტიკური პარტიები, რომელზეც ვენეციის კომისია მიუთითებდა, უკვე არიან პარლამენტში, შესაბამისად, ამ პოლიტიკურ პარტიებს ვერ ექნებათ პრეტენზია, რომ ეს კანონპროექტი კონკრეტულად მათ წინააღმდეგ არის მიმართული. ჯამში, კანონპროექტის იდეა გახლავთ ერთი მხრივ, რომ მოქალაქეების გადასახადები დაიხარჯოს ზუსტად იმისთვის, რისთვისაც მოქალაქეებმა გადაწყვიტეს და მეორე, მოხდეს პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაცია და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონე, როგორც თამაშის წესი, განისაზღვროს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების დაკარგვას ითვალისწინებს, 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.

დატოვე კომენტარი