არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ცოტა ხნის წინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაზე მსჯელობა 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას შეეხო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, შეხვედრა ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო და შეეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის გრაფიკსა და კომისიათა დაკომპლექტებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით არსებული ორივე ინიციატივისთვის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიები ერთი და იგივე წევრებით დაკომპლექტდება.
ერთი ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს ნულოვანი ბარიერით, საარჩევნო ბლოკების გარეშე და მეორე ინიციატივა ეკუთვნის ოპოზიციას, რომელიც ითვალისწინებს სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარებას სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, საარჩევნო ბლოკების დაშვებით.