არჩილ თალაკვაძე - ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ ბრძოლას დემოკრატიისა და პროგრესისთვის მოაქვს ასევე კეთილდღეობა და ცხოვრების ღირსეული პირობები 
არჩილ თალაკვაძე - ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ ბრძოლას დემოკრატიისა და პროგრესისთვის მოაქვს ასევე კეთილდღეობა და ცხოვრების ღირსეული პირობები 

ბათუმში მიმდინარე კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის და გამოხატავს, თუ რა დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირისგან, ჩვენი ძირითადი პარტნიორების მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კონფერენციაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა.

„გაჟღერდა საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული გზავნილები, რაც გულისხმობს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსს, გულისხმობს საქართველოსთვის სპეციალური ინსტრუმენტების შემუშავებას და უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, რადგან დემოკრატიის იმ დონისა და ვითარებისთვის, რომელიც იმ რეგიონშია, სადაც ვიმყოფებით, აუცილებელია უფრო ძლიერი ეკონომიკური მხარდაჭერა. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ ბრძოლას დემოკრატიისთვის და პროგრესისთვის მოაქვს ასევე კეთილდღეობა და ცხოვრების ღირსეული პირობები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბათუმში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.