არჩილ თალაკვაძე - ჩვენი სურვილია, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა გაიზარდოს
ჩვენი სურვილია, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა გაიზარდოს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ავრცელებს.
თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების გაფართოებული შემადგენლობით, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მმართველმა გუნდმა, დავარეგისტრირეთ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული საარჩევნო სისტემით, ე.წ. ბუნებრივი (ნულოვანი) ბარიერის პირობებში. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე შევთავაზეთ ოპოზიციას დიალოგი და თანამშრომლობა.
ასევე, ცნობილია, რომ პარალელურ რეჟიმში შექმნილია ჯგუფი, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობს. ამ ჯგუფის საქმიანობაში ჩართულია ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო პარტნიორები, საპარლამენტო ოპოზიცია და არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი.
პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა იყოს რაც შეიძლება ფართო შეთანხმების საგანი და ყველა ოპოზიციურ პარტიას მიეცეს არჩევნებში თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამას მკაფიოდ ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილებაც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარების თაობაზე.
ამ ახალი მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა გაიზარდოს. ამ მიზნით, 8-10 ივლისის შეხვედრის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ ოპოზიციური პარტიების გაფართოებული შემადგენლობით“, – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის განცხადებაში.
დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს მიმართეს. ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა მოითხოვეს.