არჩილ თალაკვაძე - ჩვენ შევძლებთ, შევასრულოთ დაპირებები, საქმე, რომელიც იყო დაწყებული ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, საგარეო პოლიტიკის კუთხით იქნება ბოლომდე მიყვანილი
არჩილ თალაკვაძე - ჩვენ შევძლებთ, შევასრულოთ დაპირებები, საქმე, რომელიც იყო დაწყებული ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, საგარეო პოლიტიკის კუთხით იქნება ბოლომდე მიყვანილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო კარგი გუნდის შექმნა, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და დღეს ქვეყანას აქვს უფრო ძლიერი ინსტიტუტები, ძლიერი თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან.

თალაკვაძის შეფასებით, ამ ფონზე ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლა არ გამოიწვევს რამე ტიპის ნეგატიურ პროცესებს არც მმართველ გუნდში და არც ქვეყანაში.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს იმ გაწეული სამუშაოსთვის, მხარდაჭერისთვის და ცვლილებებისთვის, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ფუნდამენტური მიმართულებებით შეიცვალა საქართველოში ვითარება. ჩვენ დღეს გვაქვს ხელშესახები პროგრესი როგორც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე მშვიდობის და უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით და ბევრ სხვა საკითხში, რომელზეც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ხელშესახები პროგრესის მიღწევა შეძლო.

ეს არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ეს რამდენიმე საპარლამენტო არჩევნებში ასევე დაადასტურა ჩვენმა საზოგადოებამ, როდესაც ხელახლა აირჩია „ქართული ოცნება“. ნახეთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ჩვენ მივიღეთ ძალიან სოლიდური მხარდაჭერა. 48 პროცენტი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ამ შედეგის მიმღებ პარტიას ჩამოეყალიბებინა უმრავლესობა. 

რაც შეეხება მის გასვლას პოლიტიკიდან, ვფიქრობ, რომ მან შეძლო ნამდვილად კარგი გუნდის შექმნა, მან შეძლო დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება. დღეს ქვეყანას აქვს უფრო ძლიერი ინსტიტუტები, უფრო ძლიერი თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ვფიქრობ, ამ ფონზე უკვე მისი პოლიტიკიდან გასვლა ნამდვილად არ გამოიწვევს რამე ტიპის ნეგატიურ პროცესებს არც მმართველ გუნდში, არც ქვეყანაში.

ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, შევასრულოთ ის პასუხისმგებლობა და პირობები, რაც საზოგადოებას მივეცით არჩევნებში, საქმე, რომელიც იყო დაწყებული ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, რა თქმა უნდა, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, საგარეო პოლიტიკის კუთხით იქნება ბოლომდე მიყვანილი ისე, რომ საქართველო დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს მსოფლიო თანამეგობრობაში, ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს 2024 წელს უკვე ევროკავშირის წევრობაზე და ამისთვის, რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მოვემზდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

თალაკვაძის განმარტებით, დღეს გუნდი არის ძალიან კონსოლიდირებული, განახლებული და პროგრესული.

„ვფიქრობ, ჩვენ სათანადოდ ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.