არჩილ თალაკვაძე - ჩალაძის განცხადება, რომ სააკაშვილი თუ გათავისუფლდება, ივანიშვილს სანქციებს მოვუხსნიო, ოპოზიციურმა არხებმა არ გააშუქეს, რადგან დაინახეს, რაც წამოსცდა, მან თქვა ის, რაც იციან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“
არჩილ თალაკვაძე - ჩალაძის განცხადება, რომ სააკაშვილი თუ გათავისუფლდება, ივანიშვილს სანქციებს მოვუხსნიო, ოპოზიციურმა არხებმა არ გააშუქეს, რადგან დაინახეს, რაც წამოსცდა, მან თქვა ის, რაც იციან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“

ჩალაძის გუშინდელი განცხადება ოპოზიციურმა არხებმა იმიტომ არ გააშუქეს, რომ ძალიან კარგად დაინახეს, რაც წამოსცდა ამ ბატონს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„გუშინ გამოვიდა ეთერით ბატონი ჩალაძე, რომელიც გახლავთ სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარე, ასეთი თანამდებობა აქვს პარტიაში. გუშინ გამოვიდა კიდევ ახალი კომიტეტის დაარსების ინიციატივით და თქვა, მე ჩავუდგები სათავეში ამ კომიტეტს და სააკაშვილი თუ გათავისუფლდება, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ არაფორმალურ დე ფაქტო სანქციებს, რომლებიც მის ფინანსებს, საკუთრებას აქვს დაწესებული შუაგულ ევროპაში, პირადად მე მოვუხსნი, მე ვარ მაგის გარანტორიო. იცით, ეს განცხადება რატომ არ გააშუქეს ოპოზიციურმა არხებმა? იმიტომ, რომ ძალიან კარგად დაინახეს, რაც წამოსცდა ამ ბატონს. სხვათა შორის, ეს განცხადება შემთხვევითი არ არის. მან თქვა ის, რაზეც შიგნით ლაპარაკობენ. მან თქვა ის, რაც სინამდვილეში ხდება და რაც იციან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ჩანაწერი არის სრულიად უსამართლო, რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილი და სამარცხვინო.

„ამ რეზოლუციაში, სხვათა შორის, ჩანაწერი რომ არის გაკეთებული, ეს სრულიად უსამართლო, რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილი და სამარცხვინო განცხადებაა კაცზე, რომლის ლიდერობითაც ამ ქვეყანაში დაბრუნდა ადამიანის უფლებების დაცვა, მრავალპარტიული პარლამენტი, მრავალფეროვანი მედია, რეალური არჩევნები და დაფინანსება პოლიტიკური პარტიებისთვის. ეს მარტო პოლიტიკურს გეუბნებით და აღარ ვლაპარაკობ განათლების, კულტურის თუ სპორტის სფეროში მის უდიდეს ქველმოქმედებაზე. აი, ამ ადამიანზე ჩაწერეს, მან, ფაქტობრივად, დააზიანა და გაანადგურა ქართული პოლიტიკაო. ანუ, თუ დღეს მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობრები, მერაბიშვილი და კეზერაშვილი არ არიან ხელისუფლებაში, მინისტრები არ არიან და პრეზიდენტები, ე.ი საქართველოს პოლიტიკა ამით განადგურებული ყოფილა. სანქციები დავუწესოთო, ითხოვენ და დაუკვირდით, ვინ აკეთებს ამ ყველაფერს. ამას წერენ რეზოლუციაში ადამიანები, რომლებსაც ხმა საერთოდ არ ამოუღიათ, როდესაც შუაგულ ევროპაში ადამიანს საკუთარი ფინანსები ჩამოართვეს და სრულიად უკანონოდ ჩამოართვეს უფლება, განკარგოს თავისი საკუთრება. ამ ადამიანებს ხმა არ ამოუღიათ და არც კი დაინტერესებულან, რა ხდება შვეიცარიულ ბანკში, მაგრამ, სამაგიეროდ, სააკაშვილი უდრის თურმე ევროკავშირს და თურმე კონსტიტუცია და საქართველო არ არსებობს იქ, სადაც არსებობს პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი. პრაქტიკულად, გამოდის და კუბილიუსის რეზოლუცია ამას გვეუბნება, თქვენ არავითარი რეფორმები და არავითარი 12 პუნქტი არ გჭირდებათ, უბრალოდ, სააკაშვილი გაათავისუფლეთ და ჩვენ მიგიღებთ ევროკავშირშიო. ეს არის ზუსტად ევროპის ღალატი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, დააზიანებს თუ არა საქართველოს იმიჯს და ეროვნულ ინტერესებს მსგავსი რეზოლუციები, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ შეიძლება, ამან გარკვეული სირთულეები შექმნას, მაგრამ საქართველოს ევროპულ მომავალს უფრო მეტად დააზიანებს და გაანადგურებს ის, თუ ჩვენ კუბილიუსის წესებით ვიცხოვრებთ, გადავხევთ კონსტიტუციას და გადაწყვეტილებებს მისი რეზოლუციებით მივიღებთ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს ისეთი ევროპა, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებით მიგვიღებენ.

„პირადად თქვენ გჯერათ იმ ევროპის, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებით მიგვიღებენ? უბრალოდ მაინტერესებს, თქვენ თუ გჯერათ ასეთი ევროპის? ასეთი ევროპა არ არსებობს, სადაც სახელმწიფო მიუღიათ პატიმრის გათავისუფლებით, მით უმეტეს, რომელსაც ისეთი მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და ისეთი მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს, როგორიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. არ ყოფილა ასეთი გაწევრიანების პრეცედენტი და დღეს რომ ამით გვემუქრება კუბილიუსი, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ის შეურაცხყოფას აყენებს ქართულ საზოგადოებას, რადგან როგორმე, ჩვენც გვესმის, რა არის ევროკავშირი და ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის საპირწონედ დაყენება, აქეთ სააკაშვილი და აქეთ ევროკავშირი, აქეთ ევროკავშირი და აქეთ სასამართლო, არის წარმოუდგენელი აბსურდი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.