არჩილ თალაკვაძე - ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, წინა რაუნდში კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ
დღეს მიგვაჩნია, რომ უფრო დაბალანსებული სისტემა იქნება ის კომპრომისული შეთავაზება, რაც ოპოზიციასთან გვაქვს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„ეს არის 100/50-ზე. რა თქმა უნდა, თვალთახედვიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რა ხდება ტრადიციულ დემოკრატიებში, რომლებსაც პროპორციული სისტემა აქვთ. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი კრიზისი ლატვიაში, ბელგიაში, იტალიაში და ა.შ. თუნდაც, ისრაელის მაგალითი ავიღოთ, სადაც პროპორციულმა სისტემამ მთელი წლის განმავლობაში ვერ შეძლო მთავრობის ჩამოყალიბება.
პროპორციულმა სისტემამ ამ ორი წლის განმავლობაში უკვე შექმნა პოლიტიკური კრიზისები იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეკონომიკური განვითარება მაღალია, პოლიტიკური პარტიები ჩამოყალიბებული არიან და ნორმალური პოლიტიკური კულტურა არსებობს, ჩვენთან კი, ამ ოპოზიციამ არათუ პროპორციული არჩევნების მერე შექმნა კრიზისი, არამედ მანამ, სანამ ამ სისტემაზე გადასვლა ხდებოდა. საქართველოს მთავრობის გარეშე ექვსი თვე და ერთი წელი არსებობა რომ შეეძლოს, დღეს სხვაგან ვიქნებოდით და სხვანაირი საუბარი გვექნებოდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები შეცვლილია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეთავაზებით მიდის ხელისუფლება შემდეგ რაუნდზე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით, შეთავაზებით არ მიდის.
„ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. წინა რაუნდში ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება და ოპოზიციას ვუთხარით, რომ 100/50-ზე არის კომპრომისული ვარიანტი. ეს ნამდვილად არის კომპრომისული, რადგან დღევანდელი სტატუს კვოთი, თუ რამე შეთანხმებამდე არ მივედით, არჩევნები 73/77-ზე პროპორციით ტარდება. აქედან გამომდინარე, 100/50-ზე, სადაც პროპორციული მკვეთრად არის გაზრდილი, მაჟორიტარების რაოდენობა კი მკვეთრად შემცირებული, არის პროპორციული. ელემენტარულად, მათემატიკურადაც რომ შევხედოთ, ეს არის კომპრომისული ვარიანტი. ამიტომ, როცა შემდეგი რაუნდი შედგება, ჩვენ პირველ რიგში, ველოდებით არსებით დისკუსიას ამ საკითხზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.