არჩილ თალაკვაძე - ბოიკოტი არის პოლიტიკური სისუსტის გამოვლინება, ცდილობენ, წაგება გადაფარონ ისეთი მოუმწიფებელი გადაწყვეტილებებით, როგორიცაა პოლიტიკური ბოიკოტი
არჩილ თალაკვაძე - ბოიკოტი არის პოლიტიკური სისუსტის გამოვლინება, ცდილობენ, წაგება გადაფარონ ისეთი მოუმწიფებელი გადაწყვეტილებებით, როგორიცაა პოლიტიკური ბოიკოტი

მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სისუსტის გამოვლინება. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ ამ ოპოზიციურ პარტიებს არ შეუძლიათ, სიმართლე უთხრან თავის ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს და ყოველთვის ცდილობენ, რომ წაგება გადაფარონ ისეთი მოუმწიფებელი გადაწყვეტილებებით, რომელიც გახლავთ ამ შემთხვევაში პოლიტიკური ბოიკოტი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც ბოიკოტზე უარს ამბობს, პასუხისმგებლიანად იქცევიან.

„ვხედავთ, რომ ოპოზიციურ სპექტრში ამასთან დაკავშირებით არის ერთიანობა და ვფიქრობ, ის პარტიები, რომლებიც რჩებიან პარლამენტში და განაგრძობენ მუშაობას, იქცევიან უფრო პასუხისმგებლიანად. ვინაიდან, პოლიტიკა არ არის პარლამენტიდან გასვლა, პოლიტიკა არ არის უარის თქმა საკუთარი როლზე. პოლიტიკა გახლავთ, როდესაც შენ ასრულებ შენს როლს, უწევ ოპონირებას მმართველ პარტიას. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დემოკრატია გულისხმობს, რომ ოპოზიცია და მმართველი ძალა ოპონირებდნენ პარლამენტში. ცალსახად დემოკრატიასთან შეუთავსებელია და ერთგვარი ანომალია გახლავთ, როდესაც ოპოზიციას არ უნდა რომ იყოს ოპოზიცია. ამ შემთხვევაში სწორედ ამასთან გვაქვს ადგილი. მე ვნახე რამდენიმე კომენტარი ისეთი დეპუტატების ბოიკოტთან და პარლამენტიდან გასვლასთან დაკავშირებით, რომლებიც მართალი გითხრათ არც გვინახავს პარლამენტში, არანაირ მუშაობაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, შესაბამისად ნურავის ამადლიან პარლამენტიდან გასვლას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, არჩილ თალაკვაძის თქმით, ის ცვლილებების, რომელიც ახლა განიხილება სწორედ ოპოზიციის მოთხოვნა იყო.

„სწორედ ჩვენი მმართველობის პირობებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია. ჩვენ ჩავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა. მიგვაჩნია, რომ სწორი პრინციპები, სწორი დებულებები იყო მიღებული ამ რეფორმის ფარგლებში და ეს დაადასტურა ვენეციის კომისიამაც. რაც შეეხება ცვლილებებს, რომელიც ახლა განიხილება, ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა. თუ ოპოზიცია პარლამენტში თავის რაოდენობას შეამცირებს და არ იქნება საკმარისი ხმები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იყოს განხილული და კენჭი ვუყაროთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეს არის მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ საქართველოს აქვს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია“, – განაცხადა თალაკვაძემ.