არჩილ თალაკვაძე - ბიძინა გეგიძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სპონტანური არ ყოფილა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ბიძინა გეგიძის უმრავლესობიდან გარიცხვა სპონტანური გადაწყვეტილება არ ყოფილა. თალაკვაძის თქმით, სტრატეგიულ, მთავარ საკითხებთან დაკავშირებით ბიძინა გეგიძისა და „ქართული ოცნების“ პოზიციები განსხვავებული იყო.
„ბიძინა გეგიძესთან იყო პოლიტიკური კონსულტაციები უმრავლესობის შიგნით. ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა სპონტანური. მის ფრაქციასთან ჰქონდათ უმრავლესობის წევრებს კონსულტაციები. შესაბამისად, მომზადდა და მიღებულია ასეთი გადაწყვეტილება. პარტიისა და გუნდის წევრებს აერთიანებთ შეთანხმება მთავარ სტრატეგიულ საკითხებზე. როგორც გამოიკვეთა ამ კონსულტაციების დროს, ასევე მისი საჯარო განცხადებებითაც. ჩანდა, რომ ამ სტრატეგიულ, მთავარ საკითხებთან დაკავშირებით ბიძინა გეგიძისა და „ქართული ოცნების“ პოზიციები, მოსაზრებები იყო განსხვავებული. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება იყო ამის ლოგიკური გაგრძელება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, გეგიძემ გუშინ განაცხადა, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილების შესახებ მედიით შეიტყო, რისი მიზეზიც ისაა, რომ უმრავლესობის სხდომას არ ესწრებოდა.
„მინდა, პირდაპირ გითხრათ, რომ თუ მან ამის შესახებ მედიით შეიტყო, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობის სხდომას არ ესწრებოდა. უმრავლესობის სხდომის შემდეგ მალევე, მას ელექტრონული ფოსტით ოფიციალური წერილით შესაბამისი ინფორმაცია აქვს გაგზავნილი და ამის მტკიცებულებაც არსებობს“-განავცადა არჩილ თალაკვაძემ.
ბიძინა გეგიძეს უმრავლესობა გუშინ დაატოვებინეს.