არჩილ თალაკვაძე - არჩევნების შედეგების ბოიკოტირებით საზოგადოებას უთხრეს, „კი მოგვეცით ხმა, მაგრამ არ გვინდა მუშაობა, არ გვინდა ოპოზიციაში ყოფნა, თუმცა გვინდა დაფინანსება“
მას შემდეგ, რაც უმანდატო ოპოზიციონერებმა დააშანტაჟეს მანდატიანი ოპოზიციონერები, ოპოზიციის მიმართ ნდობა და რეიტინგი კატასტროფულად შემცირდა და „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაიზარდა, რადგან ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენს განცხადებაში და ვაკეთებთ იმას, რასაც ვამბობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებსა და ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებზე.
„ვინც ნახა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა და მისი შედეგები, რომელსაც, სხვათა შორის, ოპოზიცია უპირობოდ ენდობოდა წინა წლებში და ახლა ერთმანეთს ასწრებდნენ ამ კვლევის შედეგების დაგმობას – აშკარაა, რომ ბოიკოტით, დემოკრატიულ პროცესზე უარის თქმით და ქუჩაში დარჩენით ოპოზიციის მიმართ ნდობა მკვეთრად შემცირდა. არჩევნების შედეგების ბოიკოტირებით მათ საზოგადოებას უთხრეს „კი მოგვეცით ხმა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მუშაობა, არ გვინდა მონაწილეობა და ოპოზიციაში ყოფნა, მაგრამ გვინდა დაფინანსება და მზად ვართ თქვენი გადასახადები დავხარჯოთ“ – ეს არის უპასუხისმგებლობა და საზოგადოებამ ეს სათანადოდ შეაფასა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.