არჩილ თალაკვაძე - არჩევნები მთაწმინდის ოლქში თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ხელისუფლებას მთაწმინდაზე ამომრჩევლის ზეწოლაში ადანაშაულებს.
თალაკვაძის თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდა, სადაც კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო. ასევე, ძალიან მაღალი იყო პოლიტიკური დაპირისპირების ტემპერატურაც.
„ვნახეთ, ოპოზიციის მხრიდან რა განცხადებები კეთდებოდა არჩევნების წინ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები როგორი იყო არჩევნების შემდეგ. ცალსახაა, რომ პოლიტიკური კონკურენციის პირობებში ამ ძალებმა შუალედური არჩევნები წააგეს. დღეს ცდილობენ, უფრო მსუბუქი ფორმებით იგივე რიტორიკა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში გაიმეორონ, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. საარჩევნო კამპანიას კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ვატარებთ, ამის შესაძლებლობა აქვს ოპოზიციასაც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძე.