არჩილ თალაკვაძე - არც ერთ დემოკრატიაში არ მოხდება, რომ მძიმე დანაშაულებზე პასუხისმგებელ პარტიას ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზია და შანსი ჰქონდეს
არც ერთ დემოკრატიულ სისტემაში, არ მოხდება და შეუძლებელი იქნებოდა, რომ უმძიმეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულებში მხილებულ და სისტემურ ჩავარდნებზე პასუხისმგებელ პოლიტიკური პარტიას ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზია ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილმა იცის, რომ მას ქვეყანაში მხარდაჭერა არ აქვს და ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანიას აშშ-სა და ევროპაში ატარებს.
„იქ ცდილობენ, რომ ამის კომპენსაცია გააკეთონ და ქართველ ხალხს ეუბნებიან ტყუილებს, რომ აშშ ჩამოვა, შეცვლის მთავრობას და ჩვენ მოვალთ. მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ მოვისმინე ვერც ერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან, რომ ისინი ერთ რომელიმე სისტემას უწევენ რეკომენდაციას. ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ ვიცით, თქვენ ხართ ხელისუფლება, ვიცით, რომ გაქვთ მხარდაჭერა ქვეყანაში და მთავარი პასუხისმგებლობა თქვენზეა, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესი უზრუნველყოთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.