არჩილ თალაკვაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს ხელისუფლების შეთავაზება იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ 40%-ზე ნაკლებს თუ აიღებდა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა
არჩილ თალაკვაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს ხელისუფლების შეთავაზება იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ 40%-ზე ნაკლებს თუ აიღებდა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლების შეთავაზება იყო, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ 40%-ზე ნაკლებს თუ აიღებდა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა.

როგორც თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, მკაფიოდ უთხრეს ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი არგუმენტი არ არსებობს.

„ეს არასწორია. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი არგუმენტი არ არსებობს. რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დემოკრატიაში ტარდება მხოლოდ მაშინ, თუ ვერ მოხდა უმრავლესობის ჩამოყალიბება ან მთავრობის ფორმირება, ასევე, თუ კონსტიტუციით დადგენილი პროცესები ვერ განვითარდა, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობაში. დღეს არც ერთი ასეთი ფაქტი არ არის სახეზე. ოპოზიციის მთავარი ბრალდება, რომ სისტემურად გაყალბდა არჩევნები, გაქარწყლებულია, ვინაიდან სამივე მექანიზმი, რაც შევთავაზეთ გადასამოწმებლად, უარი განაცხადეს. როდესაც რამეს აბრალებ სხვას და შემდეგში ამის დასაბუთება არ შეგიძლია, ეს ნიშნავს, რომ ჰაერში გასროლილი, ცარიელი ბრალდებაა. რიგგარეშე არჩევნების საკითხი ჩვენ არც შეგვითავაზებია, რა თქმა უნდა, ამაზე არც თანხმობას არ ვეტყვით. 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „საიდან გავრცელდა მაშინ 40-პროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით ასეთი ინფორმაცია“,  თალაკვაძემ განაცხადა, რომ ასეთი მოთხოვნა ოპოზიციას გასული წლის მოლაპარაკებებში ჰქონდა და მათ ეს საკითხი ხელახლა არ დაუყენებიათ.

„ითქვა, თითქოს ეს ჩვენი შეთავაზება იყო. სინამდვილეში, ეს არის მოთხოვნა, რაც ოპოზიციას ჰქონდა გასული წლის მოლაპარაკებებში. ეს დასტურდება, რომ შარშან ხელმოწერილ შეთანხმებაში პირდაპირ წერია 40 პროცენტის პრინციპი, ეს კონსტიტუციაშიც არის ასახული მაშინდელი საკანონმდებლო პროცესის შედეგად. შეგახსენებთ, თვითონ ოპოზიცია იყო, ვინც ამბობდა, რომ 40 პროცენტზე ნაკლებს თუ მიიღებს გამარჯვებული პარტია, მან არ უნდა ჩამოაყალიბოს მთავრობა და უმრავლესობაო. ამაზე ჩვენ ძალიან ღირსეული და სამართლიანი პასუხი გვქონდა მაშინაც და დღესაც.

ოპოზიციას ხელახლა ეს საკითხი არ დაუყენებია. ეს საკითხი იდგა დღის წესრიგში. მათ ვუთხარით, რომ რიგგარეშე არჩევნებს არ განვიხილავთ, ვინაიდან ამისი საფუძველი არ არსებობს. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ გავაკეთოთ საარჩევნო რეფორმის შემდეგი ნაბიჯი. ჩავატაროთ არჩევნები გაუმჯობესებულ გარემოში, გაუმჯობესებულ კანონმდებლობაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.