არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უმრავლესობა გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უმრავლესობა გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აშშ-ში განუცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება.

როგორც თალაკვაძე ამბობს, შოთაძემ მთავრი პროკურორობის პერიდოში ეფექტურად ჩაატარა არაერთი გამოძიება, ხოლო მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილთა ოჯახებს შეკითხვები გაუჩნდათ, გამოძიებას ჩამოშორდა და ამით დაამტკიცა, რომ პოსტზე მნიშვნელოვანი მისთვის მორალური პრინციპები იყო.

„მან, როგორც პროკურორმა, მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება და მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის არ არის მთავარი სკამი და თანამდებობა. მთავარია მორალური პრინციპები და მან მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. გამოძიება იცით, რომ გაგრძელდა. ის აღარ იყო ჩართული ამ გამოძიებაში. გამოძიებამ საბოლოოდ შედეგები გამოკვეთა, პასუხისგებაში მიეცნენ სხვა ადამიანებიც. დღეს მეტწილად, როგორც დაზარალებულთა პოზიციებიდან იკვეთება, ამ საქმეზე კითხვები არის მოხსნილი. შესაბამისად, როდესაც საპროკურორო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პარლამენტი კანონმდებლობის თანახმად განიხილავს ამ კანდიდატურას.

მე ადრეც მითქვამს და ახლაც გეუბნებით, რომ უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძეს ექნება პარლამენტში მხარდაჭერა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე შეარჩია.