არჩილ თალაკვაძე - აჭარაში ჯანდაცვის პროფესიონალებმა თავდაუზოგავი შრომით შეძლეს „კოვიდ-19“-ის შემთხვევების სტაბილიზაცია და უპასუხისმგებლო ძალამ, „ნაცმოძრაობამ“ ჩაატარა ხალხმრავალი აქცია
აჭარაში ჯანდაცვის პროფესიონალებმა თავდაუზოგავი შრომით შეძლეს „კოვიდ-19“-ის შემთხვევების სტაბილიზაცია და უპასუხისმგებლო ძალამ, „ნაცმოძრაობამ“ ჩაატარა ხალხმრავალი აქცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა სამეგრელოს რეგიონში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
„ჩვენ მთლიანად მომავალზე ვართ ორიენტირებული, თუმცა არ დავუშვებთ, რომ ვინმემ სცადოს ჩვენი ქვეყნის წარსულში დაბრუნება; არ დავუშვებთ, რომ ისეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები მომავალში იყვნენ პოლიტიკაში, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, მას შემდეგ, რაც აჭარაში ჯანდაცვის პროფესიონალებმა თავდაუზოგავი შრომით შეძლეს „კოვიდ-19“-ის შემთხვევების სტაბილიზაცია, ამ უპასუხისმგებლო ძალამ ჩაატარა გუშინ ხალხმრავალი აქცია, ჩაიყვანეს ხალხი ყველა სხვა მუნიციპალიტეტიდან. ეს არის საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და რასაკვირველია, ამას მოჰყვება ის, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს, აჭარაში გავაორმაგოთ სამედიცინო რესურსები, დავტვირთოთ ორჯერ უფრო მეტად ექიმები, ექთნები და ეპიდემიოლოგები, რათა ამას არ მოყვეს კიდევ შემდეგი გართულებები არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სხვა რეგიონებშიც.
აი, ასეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს დღეს საქმე და მის სატელიტურ სისტემასთან, რომელიც დეზინფორმაციით ცდილობს, რომ ხალხს თეთრი შავად მოაჩვენოს და კარგი ცუდად დააჯეროს. არ დავუშვებთ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო ძალები დაბრუნდენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ წალენჯიხაში, სადაც „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.