არჩილ გორდულაძე – ნიკა გვარამიამ ვერ გაიაზრა, რომ ახლა არ არის 2004-2012 წლები, როცა ჯიბეში ჰყავდათ ჩასმული ყველა უწყება და პირდაპირ აკონტროლებდნენ ყველა კონსტიტუციურ ორგანოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ნიკა გვარამიას ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად იგივე მიზნები ამოძრავებთ, რაც 2004-2012 წლებში ჰქონდათ.
„ნიკა გვარამიამ რაც იკადრა, ეს სიმპტომატურიც არის. ვერ გაიაზრა, რომ ახლა არ არის 2004-2012 წლები, როგორც ადრე, როცა ჯიბეში ჰყავდათ ჩასმული ყველა უწყება და პირდაპირ აკონტროლებდნენ ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, მათ შორის ჰქონდათ პირდაპირი მმართველობა სასამართლო სისტემაზე. ახლა მას „გული სწყდება“, რომ სასამართლოზე არ აქვს გავლენა და თურმე როგორ უბედავს მას მოსამართლე შენიშვნის მიცემას ან როგორ არ აქვს შესაძლებლობა, დავალებები მისცეს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. დღეს რაც გააკეთა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, 2004-2012 წლებში როგორი სისტემური და სისტემატური იყო სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოშლა და ახლაც რომ იგივე მიზნები და მისწრაფებები ამოძრავებს. მიუხედავად იმისა, პარტიას სიის რა ნომერი ან რა სიმბოლიკა ექნება, „ნაცი“ თავის ნაცობას ვერ მოიშლის. მას უნდა და სჭირდება, რომ ტოტალური კონტროლი იყოს ყველაზე და ყველაფერზე და შემდეგ ფეხქვეშ გათელონ ადამიანის უფლებები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.