არჩილ გორდულაძე – „ნაცმოძრაობის“ დროს შექმნილი იყო სისტემა, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ ჰქონდა ადამიანის უფლებას, ეფექტიან სასამართლოს, ამაზე არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილებებიც

15:52, 20.11.2026

2004-2012 წლებში „ნაცმოძრაობამ“ შექმნა სისტემა, სადაც ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები ხდებოდა, გამოძიება კი არაეფექტურად ხორციელდებოდა, ან საერთოდ არ ხდებოდა, – ამის შესახებ საკონტიტუციო სასამართლოს სხოდმაზე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის განცხადებით, ეფექტურ კონტროლს მთელ სახელმწიფო სისტემაზე ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და დარღვევები, რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა, ყოველთვის მიემართება აღნიშნულ პარტიას.

„ჩვენ ვამბობთ, რომ კრებსითად ისეთი სისტემა იყო შექმნილი, რომლისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა არც გამოძიებას, არც ადამიანის უფლებას, არც ეფექტიან სასამართლოს, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არსებობს. ამ სისტემის შემქმნელი იყო „ნაციონალური მოძრაობა“. არის მთელი რიგი საქმეები 2004-2012 წლებში, რომელიც ან არაეფექტურად არის წარმოებული, ან მიჩქმალულია, რომ განაჩენი არ დამდგარიყო, ან არ გამოძიებულა. კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება და პასუხისმგებლობის დაყენება მოხდა 2012 წლის შემდეგ“, – განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის საქმეებთან დაკავშირებით მტკიცებულებებს ან აქრობდნენ, ან ჩქმალავდნენ, ანალოგიურად გართულებულია გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიება, თუმცა სახელმწიფოს მიზანია, გამოძიება საბოლოოდ დასრულდეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ გამოძიება წინა ხელისუფლების პირობებში არაეფექტურად ჩატარებული მოქმედებებისა და მტკიცებულებების გაქრობის გამო გართულდა.

„სახელმწიფოს, ოჯახისა და საზოგადოების საერთო მიზანია, გამოძიება საბოლოოდ დასრულდეს. პასუხისმგებლობა არაეფექტური გამოძიების ჩატარებაზე იმ ძალას ეკისრება, რომელიც მაშინ ძალოვან სისტემას აკონტროლებდა. ფაქტი ის არის, რომ გურამ შარაძე 2007 წელს სამი გასროლით მოკლეს. მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით ხელისუფლებიდან წავიდა, გურამ შარაძის საქმეზე დაიწყო ხელახალი გამოძიება შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის, გურამ ლატარიას განცხადების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც 2007 წლის მაისში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მეგის ქარდავამ მას მისცა დავალება, გურამ შარაძის მკვლელობის განხორციელების მიზნით, დანიშნულ დროს თბილისში წაეყვანა მკვლელობის შემსრულებელი ორი პირი. აღნიშნული დავალების შესრულებაზე მან უარი თქვა, რის გამოც მეგის ქარდავამ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დღემდე საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, ამავდროულად გამოძიება კვლავ მიმდინარეა და, როდესაც 2007 წლიდან 2012-მდე გასულია ხუთი წელი, როდესაც არ ჩატარებულა საკმარისად საგამოძიებო მოქმედებები, შეუძლებლად გართულდა, რომ გამოძიება ბოლომდე იყოს მიყვანილი. მათ ხელში იყო ყველა ძალოვანი სისტემა და, მათ შორის, როგორც გირგვლიანის საქმესთან, როგორც რობაქიძის საქმესთან, ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულებებს ან აქრობდნენ, ან ჩქმალავდნენ, ან ყალბი მტკიცებულებების შექმნის მცდელობები ჰქონდათ, მაგალითად იარაღის ჩადებით“, – განაცხადა გორდულაძემ.

მსგავსი