არჩილ გორდულაძე - მავანს უნდა, ხალხმა აირჩიოს ის აგენტურა, რომელსაც მიუთითებენ, ახლა წნეხი სრულად საზოგადოებაზეა, რადგან არა მხოლოდ ხელისუფლება, ქართველი ხალხიც არ ასრულებს დავალებას
2022 წლის შემდეგ რა უბედურებაც ტრიალებს უკრაინაში, ვხედავთ განსაკუთრებულ ძალისხმევას, როგორმე ზეწოლა მოახდინონ „ქართული ოცნების“ გუნდზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენზე არ გაჭრა ზეწოლამ, არავითარმა შანტაჟმა, ხელი ჩაიქნია ბიუროკრატიის გარკვეულმა ნაწილმა, მათ შორის, მათმა პატრონებმა და დავალების მიმცემებმა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ახლა წნეხი სრულად გადავიდა საზოგადოებაზე და ქართველ ხალხზე. რატომ? იმიტომ, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ გუნდი, არამედ ქართველი ხალხიც არ ასრულებს დავალებას. მავანს უნდა, ქართველ ხალხს ზემოდან უყუროს და დავალება მისცეს, რომ ის ე.წ. პოლიტიკური, რეალურად კი, აგენტურა აირჩიონ, რომელსაც გარედან მიუთითებენ. ზუსტად ამას ამბობდა, მაგალითად, ევროკავშირის წარმომადგენელი 2024 წლის არჩევნებამდე, წინასაარჩევნო პერიოდში. პირდაპირ ამბობდა, „ქართული ოცნება“ არ აირჩიოთ და აირჩიეთ აგენტურის წარმომადგენლები, თუ გინდათ, ევროპული პერსპექტივა და ევროპული წინსვლა გქონდეთო“, – განაცხადა გორდულაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ საუბრობს დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომ საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე არსად არ წასულა და დღეს ეს მცდელობა კიდევ უფრო აქტუალურია, როგორც ის აცხადებს, ვერ იტყვის, ვინ ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან ომში ჩართვას, რადგან ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას იცავს, როდესაც ყველა დეტალს არ ასაჯაროებს, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასამთავრებლად არავითარი სამშვიდობო ნაბიჯები არ იდგმება და საქართველოს მიმართ ომის საფრთხე ისევ და ისევ არსებობს.
მისი თქმით, საქართველოში არ არის „ქართული ოცნების“ ოპოზიცია და ეს ადამიანები, აგენტურა, არიან საქართველოს, ქართველი ხალხის ოპოზიციაში.
„მათ და, რაც მთავარია, მათ პატრონებს ჰგონიათ, რომ საქართველოში კოლექტიური ამნეზია დაგვემართა და არ გვახსოვს, მაგალითად, გიგი უგულავას სიტყვები – ომი გინდათ? დიახ, ომი გვინდა, და მერე ის სიშლეგე, რა ემოციით თუ თვითგაბრაზებით საუბრობდა ამ საკითხთან დაკავშირებით; თითქოს ამნეზია დაგვემართა ყველას და არ გვახსოვს, მაგალითად, პოდოლიაკის განცხადებები, გონჩარეკოს განცხადებები და ბევრი სხვა უმაღლესი თანამდებობის პირის განცხადებები უკრაინის ხელისუფლებიდან, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, კარგი ამინდია და ტანკებით გაისეირნეთ აფხაზეთშიო. დაგვავიწყდა? ეს არ ყოფილა? მაგალითად, უკრაინის ელჩის გაწვევა საქართველოდან რას მოჰყვა? პირდაპირ განცხადება არსებობს, პრეზიდენტი ხსნის, თუ რატომ გაიწვია ელჩი, ორ საფუძველს ასახელებს, რომ საქართველომ სანქციები არ დააწესა და საქართველომ არ დაუშვა ჩარტერული რეისით მოხალისეების გაგზავნა, რაც, ერთი მხრივ, პირდაპირი მნიშვნელობით ომში ჩართვას გულისხმობდა, პირდაპირ ესკალაციას, ეკონომიკის ჩამოშლას და, მეორე მხრივ, იმას, რაც უნდოდა ქალბატონ ნინო ლომჯარიას, ბომბების წვიმას რუსთაველზე; გვახსოვს ასევე ისევ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომ თურმე გარდაცვლილებში უნდა შევხიდებოდით უკრაინას. აი, ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ და მერე ჩვენ გვეუბნებიან, თურმე ომის საფრთხე არ არსებობდა და მეორე ფრონტის გახსნა ამ ქვეყანაში არავის არ უნდოდაო. მაგალითად, გვახსოვს მაკეინის ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადება, თუ იქნება ომი, არა უშავს, ქართველები თუ დაიხოცებიან, ეს პრობლემას არ წარმოადგენსო და სიცილით ამბობდა ამ ყველაფერს ეს ადამიანი“, – განაცხადა გორდულაძემ.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ეს ყველაფერი არსად არ წასულა, საფრთხეები ისევ და ისევ არსებობს, აქ არის აუცილებელი, საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და ამ ქვეყანაში მოვიდეს ისეთი დაჯგუფება, აგენტები, რომლებიც სხვის დაკრულზე იცეკვებენ და როგორც ყურმოჭრილ მონებს შეეფერებათ, მიღებულ დავალებას ცალ ფეხზე დგომით და ასკინკილის სხვადასხვა ფორმით აუცილებლად შეასრულებენ.
„ამ ყველაფერს თვალნათლივ ვხედავთ, ვინ არიან ესენი, ძველი „ნაცები“, ახალთახალი „ნაცები“, ლელოელი „ნაცები“ და გახარიელი „ნაცები“. აი, ეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც წარსულშიც ყველაფერი აქვთ გაკეთებული, რომ მიღებული დავალების შესაბამისად ემოქმედათ, აწმყოშიც იმავეს აკეთებენ და, მათ შორის, სურვილი აქვთ, მომავალშიც იგივე გააგრძელონ“, – განაცხადა გორდულაძემ.