არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხოლოდ დავალების შემსრულებელი, კონსტიტუციურ ფარგლებს გარეთ გასული ე.წ. პარტიაა, ვხედავთ ერთმანეთის შეურაცხყოფას და დაჭმას
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხოლოდ დავალების შემსრულებელი, კონსტიტუციურ ფარგლებს გარეთ გასული ე.წ. პარტიაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ისინი ერთმანეთში ძალაუფლებას, თავიანთი პატრონის წინაშე ადგილსაც ვერ იყოფენ.
„დავალებაც იყო, რომ ისინი როგორმე გაერთიანებულიყვნენ და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ შეერთებული ძალებით ებრძოლათ, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოდის. ამ პოლიტიკური ბანდის წევრებს ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ზიზღი აქვთ. ისინი ერთმანეთში ძალაუფლებას, თავიანთი პატრონის წინაშე ადგილსაც ვერ იყოფენ. შესაბამისად, დაპირისპირებას, ერთმანეთის შეურაცხყოფას და დაჭმას ვხედავთ. კიდევ ერთი სერია ვიხილეთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, ეს სერიალი გაგრძელდეს. ახალი სერიის გამოსვლას მოუთმენლად ველით.
გვახსოვს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სცადა, არჩევნების გზით საქართველოს პარლამენტის წევრი გამხდარიყო. იგი იყო მაჟორიტარობის კანდიდატი, ასევე იყო სიაშიც, მაგრამ საქართველოს პარლამენტში ვერ მოხვდა და ერთ ჩვეულებრივ პროპაგანდისტად გადაიქცა, რომელიც ეთერ-ეთერ დადის და სხვადასხვა სოციალურ ქსელებს იყენებს, რათა როგორმე დეზინფორმაციის გავრცელება გააძლიეროს. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი შორს იყო „ნაციონალური მოძრაობისგან“. პირიქით, ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შესისხლხორცებული ნაწილია. ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ უპირობო ბელადის, სისხლიანი სისტემატური მწამებლური რეჟიმის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილისგან მისი მხარდაჭერა არის შიდაპარტიული დაპირისპირებების სააშკარაოზე გამოტანა. ნანუკა ჟორჟოლიანს რა წარმატება შეიძლება, ჰქონდეს, საზოგადოებამ იმსჯელოს. რა თქმა უნდა, არაფერი, ნული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.