არჩილ გორდულაძე – არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ წარსულის მძიმე გამოცდილება და მომავალ თაობებს დავუტოვოთ სახელმწიფო, რომლის სახელმწიფოებრიობა და კონსტიტუციური მოწყობის საფუძვლები დაუცველი იქნება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ჩამოთვალა ის გარემოებები, რომლებიც კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს.
გორდულაძის თქმით, ფაქტები ცხადყოფს, რომ საკითხის არსი მხოლოდ წარსულის შეფასება არ არის, არამედ ეს არის გადაწყვეტილება, მათ შორის, იმაზე, დაუშვებენ თუ არა, რომ ადრე ჩადენილი ქმედებები, რომლებიც გამოიხატა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობასა ან ძალადობით შეცვლაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფასა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ სხვა მოქმედებებში, მომავალშიც გაგრძელდეს.
მისივე თქმით, წარმოდგენილი გარემოებები ააშკარავებს არაკონსტიტუციური პარტიების საერთო მისწრაფებებს, რომლებიც იყო, არის და იქნება ეგზისტენციური საფრთხის შემცველი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის.
„აღნიშნული პოლიტიკური პარტიები საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში) წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და დღესაც ასე მოქმედებენ. ამის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მკაფიო მაგალითია შესაბამისი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ 2026 წლის 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა „ერთობლივი მუშაობის საერთო მიზნების მისაღწევად“. ამ ალიანსის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია მისი წევრი პოლიტიკური პარტიების „სტრატეგიულ ერთიანობის“ ხელშეწყობა, ხოლო მისი ერთ-ერთი დეკლარირებული სტრატეგიული პრინციპია არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის უარყოფა. ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობის შექმნის მაგალითებს მიეკუთვნება აგრეთვე სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით ბოლო წლებში შექმნილი სხვადასხვა პარტიული ალიანსი, პლატფორმა და მოძრაობა, რომლებთანაც თანამშრომლობდა, მათ შორის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. 2024 წლის 26 მაისს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა „ქართული ქარტიის“ შექმნის შესახებ. ამ ქარტიას იმავე წლის 3 ივნისს ხელი მოაწერეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და სხვა ოპოზიციურმა სუბიექტებმა, ხოლო „გახარია – საქართველოსთვის“ მას შეუერთდა იმავე წლის 23 სექტემბერს. აღნიშნული ქარტია, სხვადასხვა საკითხთან ერთად, ითვალისწინებდა, მათ შორის, ე.წ. ვეტინგს. კერძოდ, ქარტიის ტექსტში ვკითხულობთ: „გავათავისუფლოთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით. ეს შემოწმება შეეხება ყველა იმ მოსამართლეს, რომელთაც პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს. შემოწმება შეეხება, ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს“. 2024 წლის 23 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ახალი არჩევნების მოსამზადებელი საბჭოს შექმნის შესახებ. სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ ამ პროცესს იმავე დღეებში მხარდაჭერა გამოუცხადეს და მასში მონაწილეობის მიღების მზადყოფნა გამოთქვეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „გახარიამ – საქართველოსთვის“. 2025 წლის 10 თებერვალს არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად შექმნეს საკოორდინაციო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა პროფესიის, თანამდებობებისა და სოციალურ ეკონომიკური სტატუსის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების დასანქცირების შედეგების მიღწევის მიზნით მუშაობას. 2025 წლის 31 მარტს ისევ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის შესახებ, რომელში მონაწილეობდნენ: „ლელო“ „გახარია – საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმია, რაც გამოხატულია, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საჯაროდ აქტიურად წარმოებული კამპანიით „4-5-9-25“ და 2024 წლის 24 ივნისს 6 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ ქალაქ ბრიუსელში ხელმოწერილი ერთობის დეკლარაციით. პოლიტიკური პარტიები „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ და „გახარია საქართველოსთვის“ – აგზავნიან წერილს, რომელიც მოიცავდა, მათ შორის, ხელისუფლებასთან ყველანაირი კონტაქტის გაწყვეტის სურვილს. პოლიტიკური პარტიების, „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2021-2025 წლებში ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ქალაქ რუსთავის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში კოალიციური ერთობის შექმნის შემთხვევები. მათ შორის, სენაკის შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთდ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები კვორუმის დარღვევით შეიკრიბნენ, გაინაწილეს პოლიტიკური თანამდებობები უკანონოდ, რაც შემდეგ უკვე დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომ მათ, ელემენტარულად, ჩვიდმეტი რომ თვრამეტს არ უდრის, ეს ვერ დაადასტურეს, პირიქით, ამტკიცებდნენ საპირისპიროს. პოლიტიკური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ და პოლიტიკური პარტიის, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ მიერ მუნიციპალიტეტების ორგანოების 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება, რომლითაც ამ პარტიებმა უარი თქვეს ერთმანეთის მიმართ საარჩევნო კონკურენციაზე და მიზნად დაისახეს საერთო საარჩევნო კანდიდატების წარდგენა და პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ერთობლივი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება. მათ ეს შეთანხმება სისრულეშიც მოიყვანეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.