არჩილ ბერიძემ ბათუმის „დინამოს“ ფან-კლუბს იუბილე მიულოცა - იმედია, საჩუქრად სეზონის ბოლოს ჩემპიონობას გისახსოვრებთ #1TVSPORT
არჩილ ბერიძემ ბათუმის „დინამოს“ ფან-კლუბს იუბილე მიულოცა - იმედია, საჩუქრად სეზონის ბოლოს ჩემპიონობას გისახსოვრებთ #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტიმა არჩილ ბერიძემ გუნდის გულშემატკივართა კლუბს, „შავი ზღვის მეკობრეებს“, დაარსების საიუბილეო თარიღი მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი გუნდის განსაკუთრებულ გულშემატკივრებს – „შავი ზღვის მეკობრეებს“ მე-10 დაბადების დღე მინდა მივულოცო და ბედნიერი, ჯანმრთელი და გამარჯვებებით აღსავსე მომავალს ვუსურვებ. მეამაყება, რომ ბათუმის „დინამოს“ სამაგალითო ფან-კლუბი ჰყავს და უზომოდ მადლიერი ვარ იმ უანგარო მხარდაჭერისთვის რასაც კლუბის მიმართ იჩენთ. გასული 10 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად უამრავი დაბრკოლება და წინაღობა გადავლახეთ, ათასობით კილომეტრი დავფარეთ და კლუბი მარტო არასდროს ყოფილა. დღეს ბათუმის „დინამო“ „შავი ზღვის მეკობრეების“ გარეშე წარმოუდგენელია. კლუბის სათავეში ჩემი და ჩემი გუნდის მოსვლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი და მამოძრავებელი იყო და არის ბათუმელი გულშემატკივარი, სხვადასხვა თაობის და სხვადასხვა ემოციის მატარებელი, რომელიც მაგალითს სწორედ „შავი ზღვის მეკობრეებისგან“ იღებს. ახალი დინამო ბათუმის სიყვარულს სწავლობს“, – წერია ბერიძის მიმართვაში.

ბათუმელთა პრეზიდენტი აცხადებს, რომ თავადაც ერთ-ერთი „მეკობრეა“:

„ჩვენ ერთი გემის საჭეს ვმართავთ და წარმატების ნავსადგურშიც ერთად შევცურავთ. მინდა იცოდეთ, რომ თავს ახლაც რიგით „მეკობრედ“ ვთვლი და მოუთმენლად ველოდები დღეს, როცა ისევ დავდგები თქვენთან ერთად ტრიბუნაზე და ისევ შევიგრძნობ ნამდვილი გულშემატკივრობის სიხარულს. იმედი მაქვს, დაბადების დღის საჩუქრის სახით სეზონის ბოლოს ჩემპიონობას გისახსოვრებთ“.