არჩილ ბერიძე - „სივასპორთან“ წაგების მიუხედავად, ბრძოლა გრძელდება და ჩვენი მიზნები უცვლელია #1TVSPORT
არჩილ ბერიძემ ბათუმის „დინამოს“ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრებისადმი მიმართვა გაავრცელა – გუნდის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სივასპორთან“ საშინაო მარცხის მიუხედავად, გუნდი განმეორებით მატჩის მოგებას მოახერხებს.
„ძვირფასო გულშემატკივრებო, პირველ რიგში მადლობას გიხდით ჩვენი გუნდის მიმართ გამოჩენილი მხურვალე მხარდაჭერისთვის, დინამო ბათუმის ქომაგების გეოგრაფიული არეალი ბოლო პერიოდში საკმაოდ გაფართოვდა და ჩვენი რეგიონის ფარგლებს გასცდა, ეს ფაქტი ძალიან მახარებს და გულითად მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს. მინდა გითხრათ, რომ ბრძოლა გრძელდება და ჩვენი მიზნები უცვლელია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბიჭები „სივასპორთან“ გასვლით შეხვედრაშიც ბოლომდე დაიხარჯებიან და სასურველი შედეგის მისაღწევად თავს არ დაზოგავენ“, – აცხადებს არჩილ ბერიძე.
ბერიძის თქმით, პროექტი აუცილებლად გაგრძელდება:
„ჩემთვის ამ პროექტის განხორციელების დაწყების დღიდან მთავარი გამოწვევა საქართველოს ჩემპიონობა იყო და იმედი მაქვს, გულშემატკივართან ერთად ამ ოცნებასაც მალე ავიხდენთ. ღრმად მწამს, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და დინამო ბათუმის ახალი ისტორიის წერას ერთად გავაგრძელებთ“.