არჩილ ბერიძე - ახალი სტადიონები აჭარაში ტურისტულ სეზონს გაახანგრძლივებს და დამატებით შემოსავალს მოიტანს #1TVSPORT
არჩილ ბერიძე - ახალი სტადიონები აჭარაში ტურისტულ სეზონს გაახანგრძლივებს და დამატებით შემოსავალს მოიტანს #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აჭარაში მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და შემოსავლების შესაძლო ზრდაზე ისაუბრა.

ანგისაში ბათუმის „დინამოს“ ბაზაზე მშენებლობა სრულდება, საფარი ფაქტობრივად დაგებულია და თანამედროვე ბაზა გვექნება. პროექტის დასრულების შემდეგ გვექნება ოთხი სტანდარტული მოედანი, შვიდი – არასტანდარტული და პლუს კალათბურთის და ჩოგბურთის მოედნები და მინისტადიონი ფიზიკური მომზადებისთვის, რომელიც ამსტერდამის „აიაქსის“ სტანდარტით კეთდება.

თუმცა, ანგისას ბაზაზე ჩვენი აკადემიის გუნდები ივარჯიშებენ, ბათუმის „დინამო“ კი ისარგებლებს ორი საფეხბურთო ცენტრის მოედნებით, რომელიც ბათუმში ევრო 2023-ისთვის კეთდება და ინგლისის, გერმანიის და ჩეხეთის ნაკრებები ივარჯიშებენ, ჩვენ კი ივნისის შემდეგ გადავალთ. ისეთივე ხარისხის ახალი ჰიბრიდული მოედნები იქნება, როგორიც ბათუმის სტადიონზეა.

საერთოდ, ევრო 2023-ის შემდეგ ინფრასტრუქტურის კუთხით მდგომარეობა შეიცვლება და ამაში, აჭარის მთავრობასთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის დიდი წვლილია. გათვლა იმაზეც არის, რომ ახალი ინფრასტრუქტურა სპორტული ტურიზმის განვითარების წინაპირობა გახდეს, რაც აჭარაში ტურისტული სეზონის გახანგრძლივებასა და შემოსავლების ზრდას გამოიწვევს.

ეს მშენებლობები რომ დასრულდება, ბათუმში ერთდროულად, მინიმუმ, 7-8 გუნდის მასპინძლობას შევძლებთ. ახლაც უკრაინის, სლოვენიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის და ბევრი სხვა ქვეყნის 50-მდე გუნდი დაგვიკავშირდა და ბათუმში შეკრება სურთ, მათ შორის „დნიპრო“, „ყარაბაღი“, „არარატ-არმენია“.

რაც ვიცი, სტადიონების მოწყობას სასტუმროებშიც აპირებენ და არსებულ მოედნებს სხვებიც დაემატება. თურქეთში ზღვისპირა ქალაქები ასე განავითარეს და ახლა უზარმაზარ შედეგებს იმკიან, უცხოელებთან მუდმივი ურთიერთობითა და თამაშებით კი დონე საგრძნობლად გაზარდეს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.