არჩილ არველაძემ პარლამენტთან შეკრებილებს მიმართა - ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ადგილი ევროპაში, რომელსაც ზუსტად 100 წლის წინ ძალადობით მოგვწყვიტეს #1TVSPORT
თბილისში, პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას არჩილ არველაძემ მიმართა. საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა სოლიდარობა გამოხატა ოკუპანტთან მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ისევ გახდება ევროპის ნაწილი, რომელსაც საბჭოთა ოკუპაციამ 100 წლის წინ ქვეყანა ძალადობრივი გზით მოწყვიტა.
„მოგესალმებით ყველას, ვინც აქციაზეა და ვინც ამ მიმართვას ტელეეკრანიდან ისმენს. ჩემთვის უჩვეულოა ასეთ საკითხზე, განსაკუთრებით ამ ფორმატში ლაპარაკი, მაგრამ არ შეიძლებოდა ჩემი ადამიანური მხარდაჭერა არ გამომეხატა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში წარმოუდგენელ გმირობასა და გამძლეობას იჩენს.
– რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინელებს აქვთ მიზანი, სხვა შემთხვევაში ასეთ დიდ ბოროტებას ამხელა წინააღმდეგობით და ერთსულოვნებით ვერ დაუპირისპირდებოდნენ. ვინ, თუ არა ჩვენ, ქართველებმა და საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე უკეთ ვიცით ამ ბოროტების ძალაც და მისგან გამოწვეული ტრაგიკული შედეგებიც, რომელიც არა 10, 20 და 30, არამედ 200 წელზე მეტია გრძელდება.
– ახლა, როცა ომის მასშტაბებიც უფრო დიდია და ბოროტების რეალური სახე უკვე მთელი მსოფლიოსთვის თვალსაჩინოა, მნიშვნელოვანია იმ იდეების ერთგულებად დავრჩეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ისევე როგორც უკრაინას მშვიდობას და განვითარებას მოუტანს. ჩვენი არჩევანი, არა კონკრეტულ დოკუმენტზე ხელმოწერით, არამედ საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი ტოლერანტობით, კულტურითა და დამოკიდებულებებით დავამტკიცეთ და მჯერა, ამას ჩვენი ევროპელი მეგობრებიც აფასებენ.
– ჩვენ დიდი ტანჯვა გადავიტანეთ და ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ადგილი, რომელიც გვეკუთვნის და ვიყოთ იმ სივრცის სრულფასოვანი ნაწილი, რომელსაც ზუსტად 100 წლის წინ, ძალადობით მოგვწყვიტეს. საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ თავისუფალი და ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრები.
– მინდა, უკრაინელმა ხალხმა იცოდეს, რომ მათ ქართველი ხალხის თანადგომა და მხარდაჭერა აქვთ! ჩვენ ვფიქრობთ მათზე და განვიცდით მათ ტკივილს. მჯერა, რომ ერთიანობა და შეუპოვარი ბრძოლა ევროპული მომავლისთვის გამარჯვებით დასრულდება. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას. გაუმარჯოს გმირებს!“.