არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომას ხვალ წარედგინება
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტი ხვალ ბიუროს სხდომას წარედგინება.
დადგენილების პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების შედეგების შესწავლას სთავაზობს და პირობას დებს, რომ კომისიის მიერ ერთპროცენტიანი გადაცდომის დადგენის შემთხვევაში, ახალ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.
კომისიის მუშაობაში ჩართვას აპირებენ „ევროპელი სოციალისტები“, „მოქალაქეები“ კი, საკუთარ წინაპირობას აყენებენ და ითხოვენ, კომისიის მუშაობაში „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ჩაერთონ. როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, სწორედ მათ ჰყავდათ 3 800 საარჩევნო უბანზე საკუთარი წარმომადგენლები და ისინი ფლობენ ინფორმაციას, როგორ ჩატარდა არჩევნები, რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი. კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს ამბობენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები.
რეგლამენტის გათვალისწინებით, კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. კომისია დადგენილების წარდგენიდან ორი კვირის ვადაში უნდა შეიქმნას, რის შემდეგაც, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კვოტებს გადაანაწილებს.
რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარეს, უმრავლესობაში განმარტეს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება.