გივი მიქანაძე - ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ცესკო-ს თავმჯდომარის მხრიდან გარკვეულ კითხვებზე პასუხების მოსმენა, სავარაუდოდ ორშაბათს შევთანხმდებით პირთა სიაზე, ვისი მოწვევის სურვილიც ექნება საგამოძიებო კომისიას
გივი მიქანაძე - ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ცესკო-ს თავმჯდომარის მხრიდან გარკვეულ კითხვებზე პასუხების მოსმენა, სავარაუდოდ ორშაბათს შევთანხმდებით პირთა სიაზე, ვისი მოწვევის სურვილიც ექნება საგამოძიებო კომისიას

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 20 სადავო უბნის გადათვლას დღეს დაასრულებს. პროფესიული ნიშნით შერჩეულმა 12-მა მთვლელმა ამ დროისთვის 10-დან ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები დათვალა. დღეს მთვლელები ორ ოთახში პარალელურ რეჟიმში ოთხი რეგიონის ათ საარჩევნო უბანს პირდაპირ ეთერში ითვლიან. გუშინ კი თბილისის ათი უბნის ხმები დათვალეს.

პროცესს მონიტორინგს დროებითი საგამოძიები კომისიის წევრები უწევდნენ. 20 სადავო უბნის შედეგებს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ორშაბათს სხდომაზე შეაჯამებენ და იმ პირთა ნუსხას განსაზღვრავენ, რომლებსაც დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში დაიბარებენ. პარლამენტის დროებითო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე არ გამორიცხავს, რომ მათ შორის ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაც იყოს.

„ვფიქრობთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოსვლა ყველა შემთხვევაში იქნება აუცილებელი კომპონენტი. არის გარკვეული შეკითხვები, რომლებიც ცესკო-ს მხრიდან, ასევე სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის ან ამ გადათვლების საფუძველზე შესაძლოა, საჭირო გახდეს პასუხების გაცემა. ჩემს აზრს მოგახსენებთ, რომ ყველა შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი მთავარი პირის, ცესკო-ს თავმჯდომარის მხრიდან გარკვეულ კითხვებზე პასუხების მოსმენა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხზე ჯერ არ გვიმსჯელია კომისიის ფორმატში, ნაადრევ განცხადებას არ გავაკეთებ. ორშაბათს სავარაუდოდ სხდომა გვექნება, რომელზეც შევთანხმდებით იმ ადამიანების ძირითად სიაზე, ვისი მოწვევის სურვილიც კომისიას ექნება საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.