არჩევნებიდან 170 დღის შემდეგ გერმანიას ახალი მთავრობა ეყოლება
არჩევნებიდან 170 დღის შემდეგ გერმანიას ახალი მთავრობა ეყოლება

გერმანიაში ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა სოციალ-დემოკრატებთან კოალიციის ფორმირების შეთანხმება გააფორმა. აღნიშნული დოკუმენტი გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირებას დაედება საფუძვლად.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მომავალი მთავრობის პრიორიტეტებს შორის უმთავრესი ევროპის გაძლიერება იქნება. დოკუმენტში ხაზგასმულია სირთულეები, რომლებიც ევროკავშირის წინაშე მიგრაციული კრიზისისა და „ბრექიტის“ გამო დგას. კოალიციური ხელშეკრულების ხელმომწერები მხარს უჭერენ ევროკავშირის საბიუჯეტო რეფორმას. კერძოდ, შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ევროპის სტაბილურობის მექანიზმი (ESM) ევროპის სავალუტო ფონდად უნდა გარდაიქმნას. ეს კი ნიშნავს, რომ გერმანიის პარლამენტს ფონდიდან კონკრეტული ქვეყნებისთვის ფულის მიღებაზე ვეტოს დადების უფლება ექნება. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტში შენატანის ოდენობას გაზრდის. ბერლინში მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ძლიერ და ერთიან ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა დღეს არსებულ ვითარებაში განვითარდეს და წევრი სახელმწიფოების ინტერესების დაცვა უზრუნველყოს.

„აშშ-ის ახალი აქცენტები, ჩინეთის გაძლიერება და რუსეთის პოლიტიკა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ევროპამ საკუთარი ბედი თავად უნდა განსაზღვროს“, – ნათქვამია კოალიციურ შეთანხმებაში.

გერმანიის მინისტრთა ახალ კაბინეტში ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირი ფედერალურ მინისტრებს წარადგენს. სოციალ-დემოკრატებს კი, ექვსი მინისტრის პორტფელი ერგება.

საბოლოოდ, გერმანიას ახალი მთავრობა 14 მარტს ბუნდესტაგში დაგეგმილი კენჭისყრის შემდეგ ეყოლა. ამავე დღეს, გერმანელი კანონმდებლები კანცლერის პოსტზე მეოთხე ვადით ანგელა მერკელის დანიშვნას დაუჭერენ მხარს. ქრისტიან-დემოკრატიულ და ქრისტიან სოციალურ კავშირს, სოციალ-დემოკრატებთან ერთად, ბუნდესტაგში 709 დეპუტატიდან 399 ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მერკელის კანდიდატურას წინააღმდეგობას ვერც ერთი პოლიტიკური პარტია გაუწევს.