არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის პროცესზე ოთხი მოწმე დაიკითხება
თბილისში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე დღეს ოთხი მოწმე დაიკითხება, მათ შორის ერთ-ერთი ის მოწმეა, რომლის დაკითხვაც წინა პროცესზე ვერ დასრულდა.
„დღეს გაგრძელდება მოწმის დაკითხვა, რომელიც გუშინ ვერ დასრულდა და გარდა ამისა, ბრალდების მხარე გეგმავს კიდევ სამი მოწმის დაკითხვას. ყველა მათგანი ფაქტის შემსწრეა და ისინი ხორავას N4-ში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრებენ“, – განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.
ადვოკატები კი აცხადებენ, რომ პროკურორები სასამართლოში დაკითხვამდე მოწმეებს წინასწარ ამზადებენ, მათი ჩვენებები გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს არ ემთხვევა.
„აშკარად ვხედავთ, რომ მოწმეები ნამეცადინები არიან ბრალდების მხარის მიერ. მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები ეწინააღმდეგება სასამართლოში მიცემულ ჩვენებს, თვით სასამართლოზე მიცემულ ჩვენებებშიც კი, არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებია. მოწმეთა ჩვენებები ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
ადვოკატის აღნიშნულ ბრალდებებს პროკურორი გაუგებარს უწოდებს.
„ჩემთვის გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რატომ ამბობს დაცვის მხარე, რომ თითქოს, მოწმეებს ვიღაც უტარებს ტრენინგებს“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე გასული წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. მათ ბრალად ედებათ წინასწარ შეცნობით, განზრახ მკვლელობა ჯგუფურად.