არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული სამი პირის საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული სამი პირის საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული სამი პირის საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა.

ბრალდება საქმის არსებითად განსახილველად გადაცემას მოითხოვდა. პროკურორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისი იყო საქმის არსებითი განხილვისთვის.

„დასრულდა წინასასამართლო სხდომა ავსტრალიის მოქალაქისა და საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა როგოც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობები მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებით, აგრეთვე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემის თაობაზე. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იყო კანონიერი, დასაბუთებული და სწორი გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან“, – განაცხადა პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა.

დაცვის მხარე სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია დაკავებულთა ბრალეულობის დასადასტურებლად.

​„მოსამართლემ არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა, თუმცა დასაშვები მტკიცებულებები დაუშვა. საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა. მე შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ ჩვენ უსამართლობის გრძნობა დაგვრჩა. ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არასაკმარისი მტკიცებულებებით გადასცა საქმე არსებით განსახილველად“, – განაცხადა ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა.

საქმის არსებითი განხილვა 17 თებერვალი 15:00 საათზე გაიმართება.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი რვიდან 14 წლამდეა.