არასამთავრობოების კვლევის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეული რეფორმა აუცილებელია
არასამთავრობოების კვლევის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეული რეფორმა აუცილებელია

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) დღეს საქართველოში მოსამართლეთა პროფესიული მომზადების სისტემის შესახებ კვლევა წარადგინეს.

კვლევა მიმოიხილავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციურ მოწყობასა და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებს. მასში განხილულია, როგორც იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის უფლებამოსილებების განაწილების საკითხი, ასევე გამოკვეთილია სხვა რიგი პრობლემები, რაც იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის კუთხით არსებობს, მათ შორის, იუსტიციის მსმენელთა მომზადებასთან, მოსამართლეთა გადამზადებასთან და სკოლის პროგრამებთან დაკავშირებით.

კვლევის თანახმად, მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაძლებლობას აძლევს კონტროლი განახორციელოს სკოლის საქმიანობაზე.

კვლევაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზაციული დამოუკიდებლობის გაზრდის აუცილებლობაზე, რაც არსებითად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და პირის მოსამართლედ დანიშვნის სამართლიანი პროცესის უზრუნველსაყოფად.

კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებ კონკურსსა და მსმენელთა შერჩევის ეტაპებზე.

„პრობლემას წარმოადგენს, რომ სკოლა არ არის უფლებამოსილი თავად შეარჩიოს იუსტიციის მსმენელები. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობა არ ქმნის საკმარის გარანტიებს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით თვითნებური გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, მაღალია რისკი იმისა, რომ საბჭომ სუბიექტური შეხედულებით და არა მართლმსაჯულების ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ხარვეზიანია მსმენელობის კანდიდატებისადმი წაყენებული მოთხოვნები, პრობლემურია შერჩევის კრიტერიუმების, ასევე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების გარანტიების არარსებობა საკანონმდებლო დონეზე.

„ამგვარი საკანონმდებლო გარანტიების არარსებობა თვითნებობისა და მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების საფრთხეს ქმნის, რაც ზიანს აყენებს კვალიფიციური, კომპეტენტური და დამოუკიდებელი მოსამართლეებით სასამართლო სისტემის დაკომპლექტების მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს“, – აცხადებენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“.

კვლევამ აჩვენა, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა კვალიფიციური მსმენელების მოსამზადებლად საკმარისი არ არის, არსებული რეგულირების პირობებში, პრაქტიკულად ვერ ხდება მოსამართლის ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი საკითხის სიღრმისეულად გაცნობა.

როგორც კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე აღინიშნა – ასევე გამოვლინდა, რომ დასახვეწია სწავლების მეთოდოლოგია და ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების პრაქტიკა.

„გარდა ამისა, მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს მასწავლებელთა საბჭოს დაკომპლექტების ობიექტურ და გამჭვირვალე პროცესს. მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს ისიც, რომ რეგულირებული არ არის დამამთავრებელი გამოცდის კომისიის წევრისადმი წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მისი შერჩევის კრიტერიუმები, რაც დამოუკიდებელ საბჭოს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს სამი წევრი“, – აღნიშნულია კვლევაში.

ასევე ყურადღება გამახვილებულია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში სკოლის როლის გაზრდაზე, რაც არსებითად მნიშვნელოვანია მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სამართლიანი და ობიექტური პროცესის უზრუნველსაყოფად.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აცხადებენ, რომ იდენტიფიცირებული პრობლემები იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს.