„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებიან
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებიან

არასამთავრობო ორგანიზაციებია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებიან. ადგილზე მივიდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

მისი თქმით, დღეს განვითარებული მოვლენები სამართლებრივი პროცესისგან შორს არის.

„ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავაკეთეთ ჩვენი შეფასება. ვფიქრობთ, რომ მთლიანად ეს პროცესი შორს არის სამართლებრივი პროცესისგან. ეს არის პროცესი, რომელიც მიმართულია მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის წინააღმდეგ, რომ გაანეიტრალონ ეს ადამიანი. ამაზე მიუთითებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რადგან მათ არ სჯერათ, რომ ეს სამართლებრივი პროცესი იყო. დღეს, ფაქტობრივად, სასწორზეა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ბედი და ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი. დააპატიმრო ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე მხოლოდ იმისთვის, რომ არის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ეს ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში, ესეთ ქვეყანას ჩვენ საქართველოს მოქალაქეები არ ვიმსახურებთ. ჩვენ ვაკვირდებოდით მთლიანად ამ პროცესს და ეს არის პოლიტიზირებული. ყველაფერი პასუხისმგებლობა არის მთავრობაზე“, – განაცხადა გიგაურმა.

რაც შეეხება ოფისიდან სერვერების შესაძლო წაღებაზე გავრცელებულ ინფორმაციას, გიგაური აცხადებს, რომ ეს შესწავლის საგანია.

„ეს არის შესწავლის საგანი. კონკრეტულად ეს ნაბიჯი და ეს ქმედება პოლიციის მხრიდან უნდა იყოს შესწავლილი და გამოძიებული, რადგან აქ დაცულია კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტული პარტიის და ცხადია ასე მარტივად ამ ინფორმაციის მიღება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ არის ნებადართული“, – აღნიშნა გიგაურმა.