არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - აქციებს ბოლომდე მივყვებით, ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი, სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვევათ
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - აქციებს ბოლომდე მივყვებით, ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი, სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვევათ

8 მაისს, ღამეით ხელისუფლებას ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, როგორ ქვეყნად აპირებენ საქართველოს ქცევას, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურის მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ.

„ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა. ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთი, ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენს ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურის მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ. ადამიანზე მიპარვით ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასდროს მოიწონებს. ასე იქცევა რუსული რეჟიმი. ჩვენ სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას, წინა კვირებში გამართულ აქციებზე თუ ახლა, აუცილებლად ბოლომდე მივყვებით. მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას. თავისუფლება ქართველი ხალხის მთავარი ღირებულებაა. ამიტომ ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე, რუსული მეთოდებისა და ძალადობისგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვევათ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.