არასამთავრობო ორგანიზაციები - მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას
არასამთავრობო ორგანიზაციები - მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდა თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „რუსული კანონის“ ავტორი პარტიის წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში საქმიანობდნენ აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მათ შორის: ირაკლი კობახიძე – ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ისა და გაერო-ს ორგანიზაციებში; შალვა პაპუაშვილი – 17 წელი მუშაობდა გერმანულ ფონდში; გივი მიქანაძე – 10 წელი ევროსაბჭოს, ეუთო-ს, გაერო-სა და ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა; რატი იონათამიშვილი – ცხრა წელი ევროკავშირის, USAID-ისა და სხვა საერთაშორისო ფონდების დაფინანსებას იღებდა; ნიკოლოზ სამხარაძე – 11 წელი მუშაობდა ევროკავშირისა და გაერო-ს პროგრამებში; არჩილ თალაკვაძე – სამი წელი მუშაობდა აშშ-ის ორგანიზაციებსა და „სოროსის ფონდში“; მაია ბითაძე – 15 წელი მუშაობდა გაერო-ს, ეუთო-ს, მსოფლიო ბანკის ორგანიზაციებში.

მათი ნაწილი, როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე მუშაობდნენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართლმსაჯულების, თანასწორობის, თვითმმართველობისა და სხვა საკითხებზე. დღეს ისინი აცხადებენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც წლების განმავლობაში თავად წარმოადგენდნენ, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ მათ, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდა თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ საკუთარი წესდებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების გასაძლიერებლად“.

განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“, „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“; „მწვანე ალტერნატივა“; „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“; „პლატფორმა სალამ“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“; „საფარი“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „საქართველოს ევროპული ორბიტა“; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“; „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“; „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი“; „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი“ და Tbilisi Pride.