არამარტო მაროკოელებთან ვთამაშობდით, არამედ ვიღაც სხვის წინააღმდეგაც - პორტუგალიის ნაკრების ლიდერები მსაჯზე განრისხდნენ #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში სენსაციური მარცხი განიცადა. ევროპის ნაკრებმა მაროკოსთან წააგო (0:1) და ტურნირის დაემშვიდობა. თამაშის შემდეგ ზოგიერთმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა არგენტინელი მსაჯის, ფაკუნდო ტელოს მუშაობა უმწვავესად გააკრიტიკა.
„თამაშზე არგენტინელი მსაჯი მუშაობდა – ეს მიუღებელია. მსაჯმა მეორე ტაიმს მხოლოდ რვა წუთი დაუმატა, თუმცა ბევრი გაჩერება იყო. არ ვამბობ, რომ მსაჯი მოუმზადებელია, მაგრამ რა იყო ის, რაც მან მეორე ტაიმში გააკეთა? რა თქმა უნდა, ახლა მოწყენილები ვართ. ერთადერთი გუნდი, რომელმაც მატჩში ფეხბურთი ითამაშა, პორტუგალია იყო. ჩვენ გვინდოდა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, მაგრამ ვერ შევძელით“, – განაცხადა პეპემ მატჩის შემდეგ.
ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში მსაჯს კიდევ უფრო მწვავედ აკრიტიკებს. პორტუგალიური მედიის ცნობით, მსაჯის მუშაობის განხილვისას ფეხბურთელმა კინაღამ შეიგინა, თუმცა ეროვნული ნაკრების პრესსამსახურმა დროულად შეაჩერა.
„არ ვიცი, რა ხდება. იქნებ ისინი მზად არიან თასი გადასცენ არგენტინის ნაკრებს? მე ვიტყვი იმას, რაც უნდა ვთქვა. ძალიან უცნაურია, რომ ტურნირზე არგენტინელი მსაჯი მუშაობს, მაგრამ არ არიან პორტუგალიელი არბიტრები, რომლებიც მუშაობენ ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე, ისინი მაღალკვალიფიციური არიან. არგენტინელები არ არიან მიჩვეულები მსგავსი ინტენსივობის თამაშებს, ტემპს ფეხს ვერ უწყობენ. პირველ ტაიმში ჩემი წაქცევისთვის სუფთა პენალტი უნდა დაენიშნათ. ამას გარდა, გაჩერებების გათვალისწინებით, საჭირო იყო 15 ან 20 წუთის დამატება. გვესმოდა, რომ არამარტო მაროკოელებთან ვითამაშებდით, არამედ ვიღაც სხვის წინააღმდეგაც. ასეთ სიტუაციაში ყველაფერი 90 წუთში უნდა გადაგვეწყვიტა“, – განაცხადა ბრუნო ფერნანდეშმა.