არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე 31 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აზერბაიჯანი კი 50-ზე მეტი დაღუპულის შესახებ იუწყება
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე 31 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აზერბაიჯანი კი 50-ზე მეტი დაღუპულის შესახებ იუწყება

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მე-16 და ცეცხლის შეწყვეტიდან მესამე დღეს ტყვეთა გაცვლისა და ცხედრების გადაცემის პროცესი ამ დრომდე არ შემდგარა.

27 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, არაღიარებული მთიანი ყარაბაღი 525 დაღუპული სამხედროს შესახებ იუწყება. მხოლოდ გასული დღის განმავლობაში სტეპანაკერტმა 96 გარდაცვლილი ჯარისკაცის სია გამოაქვეყნა. თუმცა, როგორც არაღიარებულ რესპუბლიკაში აცხადებენ, გარდაცვლილთა დროული აღრიცხვა ვერ ხერხდება, რის გამოც სიები არასრულია. ბოლო მონაცემებით, ყარაბაღში 31 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა.

აზერბაიჯანი კი ქალაქ განჯაზე ტაქტიკური რაკეტით მიტანილი იერიშის შესახებ იუწყება, რასაც 10 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 35 კი დაშავდა. მთიანი ყარაბაღისგან განსხვავებით, ბაქო თავის რიგებში არსებული სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა აქვეყნებს ცნობებს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლზე. აზერბაიჯანის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 50-ზე მეტი და დაშავდა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი.