არაბულს „იანინაში“ იწვევენ - მხარეები ფინანსებზე ვერ თანხმდებიან #1TVSPORT
არაბულს „იანინაში“ იწვევენ - მხარეები ფინანსებზე ვერ თანხმდებიან #1TVSPORT

ქართველმა თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა სეზონის დასრულების შემდეგ საბერძნეთის სუპერლიგის „ლამია“ დატოვა, ახალ კლუბს კი ჯერ ვერ პოულობს.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ბაჩანა არაბული „ლამიაში“ კარიერას არ გააგრძელებს და მომდევნო საფეხბურთო „სადგურს“ ეძებს. 27 წლის ქართველი ფორვარდის კანდიდატურა მენეჯერებმა „იანინას“ შესთავაზეს, რომელიც სამმა თავდამსხმელმა დატოვა და წინა ხაზში გაძლიერება სურს.

მაგრამ ბერძნული გამოცემა „სპორტ ტაიმი“ ამტკიცებს, რომ პრობლემა შეთანხმების ფინანსური მხარეა.

„არაბული სუპერლიგაში მალე ვერ დაბრუნდება. მისით სუპერლიგის რამდენიმე გუნდი დაინტერესდა, მაგრამ მოლაპარაკებებს ჯერჯერობით დიდი პროგრესი არ ჰქონია. მიზეზი ფინანსური მხარეა. ზოგიერთმა კლუბმა მოლაპარაკება დაიწყო, მაგრამ მისი მხარე „ლამიაში“ დასარჩენად და ახალ კლუბში გადასასვლელად დიდ ფულს, 150 ათას ევროს ითხოვს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი მოთხოვნით სასურველი გუნდი იპოვოს. „ლამიას“ ყოფილი ფორვარდი ძალიან ძვირია. კლუბები იმედს არ კარგავენ და დაელოდებიან აგვისტოს ბოლოს, როდესაც ფასები დაეცემა. სხვებმა თავი იმიტომ შეიკავეს, რომ არაბულის ტრავმების შესახებ შეიტყვეს“, – ამტკიცებს გამოცემა „სპორტ ტაიმი“.

27 წლის ქართველი ფეხბურთელი საბერძნეთში 2019-20 წლების სეზონში „პანიონიოსში“ გამოდიოდა და 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა. 2020 წლიდან „ლამიაში“ გადავიდა, სადაც 22 მატჩში ანგარიშზე 4 გოლი ჩაიწერა.