არაბულმა გაიტანა და ბომბარდირებს შორისაა
არაბულმა გაიტანა და ბომბარდირებს შორისაა

ბაჩანა არაბული მშვენიერ ფორმაშია – ამას საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურში მის მიერ ნაჩვენები თამაში და მორიგი გოლი ადასტურებს.

ქართველის გუნდმა „პანიონიოსმა“, რომელიც საბერძნეთის სუპერლიგის აუტსაიდერებშია, მე-12 ტურში უშუალო კონკურენტ „პანაიტოლიკოსს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.

სტუმართა დამარცხება ბაჩანა არაბულის გოლით დაიწყო, რომელმაც მე-15 წუთზე ანგარიში ულამაზესი გოლით გახსნა – მცველს ბურთისთვის ბოლომდე ებრძოლა და აჯობა, კარისკენ დაიძრა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

არაბულმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 თამაშში მე-6 გოლი გაიტანა, ლიგის საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზე მყოფ „ატრომისოსის“ ფორვარდს, გეორგიოს მანუსოსს დაეწია, ხოლო ლიდერს, პაოკ-ის პოლონელ ლეგიონერს, კაროლ სვიდერსკის მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება.

ქართველი შემტევის „პანიონიოსს“ უკვე 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. სეზონში 3 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 12 ქულა უნდა ჰქონდეს, მაგრამ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ ქულები დააკლო და 6 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა.