არაბიძის პირველი კომენტარი „როტორში“ გადასვლაზე - ჯუღელს მადლობა, რომ პორტუგალიიდან წამომიყვანა
არაბიძის პირველი კომენტარი „როტორში“ გადასვლაზე - ჯუღელს მადლობა, რომ პორტუგალიიდან წამომიყვანა

საქართველოს პირველი არხის მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ გიორგი არაბიძე კარიერას ვოლგოგრადის „როტორში“ გააგრძელებს, თავად ფეხბურთელმა დაადასტურა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ბოლოს პორტუგალიურ „ნასიონალში“ თამაშობდა. გიორგის პორტუგალიაში დავუკავშირდით და ტრანსფერზე პირველი კომენტარი ჩამოვართვით.

ვოლგოგრადულ გუნდთან კონტრაქტი უკვე გავაფორმე. მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ხაცკევიჩი უკრაინიდან მიცნობს. როდესაც ის კიევის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო, მე დონეცკის „შახტარის“ დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდი. ეს ტრანსფერი მამუკა ჯუღელის დამსახურებაა, რომელიც მენდო და პორტუგალიიდან წამომიყვანა. ამისთვის მას მადლობას ვუხდი. მჯერა, რომ ამ ნდობას მოედანზე კარგი თამაშით გავამართლებ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი არაბიძემ.

მან ტრანსფერის დეტალებზე ილაპარაკა:

„ვოლგოგრადის „როტორმა“ ჩემს პორტუგალიურ გუნდთან, „ნასიონალთან“ მოილაპარაკა და ექვსთვიან იჯარაზე შეუთანხმდა. თუმცა, ამის შემდეგ მე პორტუგალიაში დაბრუნება არ მინდა, ხელშეკრულებაში კი ჩემი ტრანსფერის გამოსყიდვაც გათვალისწინებულია“.

შეგახსენებთ, რომ ვოლგოგრადის „როტორში“ ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – საბა კვირკველია, ზუკა დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი, ასევე ბათუმის „დინამოდან“ გადასული თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი, გუნდის მენეჯერი კი მამუკა ჯუღელია – „როტორში“ ქართველების მიყვანა მისი დამსახურებაა.