არაბეთის ზღვის „მკვდარი ზონა“ უზარმაზარია და საოცრად სწრაფად იზრდება - საგანგაშო პროგნოზი
არაბეთის ზღვის „მკვდარი ზონა“ უზარმაზარია და საოცრად სწრაფად იზრდება - საგანგაშო პროგნოზი

ომანის ყურეში მსოფლიოში უდიდესი „მკვდარი ზონა“ მდებარეობს. თუმცა, მეკობრეობისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო, მისი ინტენსიური შესწავლა მეცნიერებს განსაკუთრებით უჭირთ.

მაგრამ ახლახან რეგიონული კონფლიქტის შესუსტების წყალობით, მეცნიერებმა ბოლოსდაბოლოს შეძლეს დისტანციურად მართვადი წყალქვეშა ნავების გამოყენება და მკვდარი ზონის სრულად შესწავლა.

როგორც მონაცემებიდან ხდება ცნობილი, მკვდარი ზონა ფართობით აშშ-ის ფლორიდის შტატის ზომისაა და კიდევ უფრო იზრდება.

ე. წ. მკვდარი ზონები, ანუ მინიმალური ჟანგბადის ზონები (OMZ) არის რეგიონებში, სადაც სასტიკად ნაკლებია ჟანგბადი. ოკეანეებში ისინი ბუნებრივად წარმოიქმნება 200-800 მეტრ სიღრმეზე.

ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი მინიმალური ჟანგბადის ზონა სწორედ ომანის ყურეში მდებარეობს. ომანის ყურე სინამდვილეში სრუტეა, რომელსაც ესაზღვრება ირანი, პაკისტანი, ომანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. მოიცავს 165 000 კვ.კმ.-ს და წარმოადგენს ინდოეთის ოკეანის ერთ-ერთ რეგიონს.

ორი წყალქვეშა ნავისა და კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ომანის ყურის მკვდარი ზონა დრამატულად გაიზარდა როგორც ზომაში, ისე სიმკაცრის მხრივ.

ბოლო მონაცემების მიხედვით, მკვდარ ზონაში ამჟამად მთლიანად ანოქსიური და სუბოქსიური გარემოა, ანუ ჟანგბადი იქ ან საერთოდ არაა, ან უკიდურესად მცირე ოდენობითაა წარმოდგენილი.

„ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ სიტუაცია იმაზე უფრო უარესია, ვიდრე ვშიშობდით. მკვდარი ზონის არეალი ვრცელია და მზარდია. ოკეანეს აქ სული ეხუთება“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ბასტიან კესტე.

მისი თქმით, ყველა თევზს, წყალმცენარესა თუ სხვა ცხოველებს სჭირდებათ ჟანგბადი და შესაბამისად, აქ ვერაფერი გადარჩება. გარემოს ამ პრობლემას ასევე მძიმე შედეგი შეიძლება ჰქონდეს ადამიანებისთვის.

მინიმალური ჟანგბადის ზონის ზრდას ძალიან ცუდი შედეგი აქვს კლიმატის ცვლილებაზეც.

ჟანგბადის არარსებობისას, დრამატულად იცვლება აზოტის ქიმიური ციკლი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მინიმალური ჟანგბადის ზონებში, ქვედა ფენებში არსებული აზოტის ციკლი იცვლება და წარმოქმნის უფრო მეტ აზოტმჟავას — სათბურის აირს, რომელიც ნახშირორჟანგზე 300-ჯერ უფრო ძლიერმოქმედია.

პრობლემა გაცილებით სასტიკი ხდება იმ ფაქტის გამო, რომ მინიმალური ჟანგბადის ზონების ზრდა ძლიერ არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან. მკვლევართა პროგნოზით, ოკეანეების გათბობასთან ერთად, ჟანგბადის შეკავების უნარი ნელ-ნელა შემცირდება, მკვდარი ზონები კი უფრო გაიზრდება.

„ამ პროცესში წვლილი რამდენიმე ფაქტორმა შეიტანა, მაგრამ მათ შორის ყველაზე მთავარი, კლიმატის ცვლილებაა. ჟანგბადის დონეს განსაზღვრავს ბალანსი ატმოსფეროდან მიწოდებასა და დანაკარგებს შორის. ატმოსფეროდან წყალში ჟანგბადი ძირითადად ტალღებთან შერევის შედეგად აღწევს, დანაკარგების მთავარი მიზეზი კი ბაქტერიაა, რომელიც ჩაძირულ, გახრწნილ ორგანულ ნივთიერებებს ჭამს“, — ამბობს ბასტიან კესტე.

სიტუაციას ამწვავებს ხმელეთიდან ზღვაში ჩამდინარე წყლები, რომელსაც თან ჩააქვს სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სასუქები.

კესტეს თქმით, მიწის მოხმარების ზრდა, დიდი ქალაქები და ჰაერის დაბინძურება წარმოქმნის კიდევ უფრო მეტ საკვებს, მაგალითად, აზოტსა და ფოსფორს, რომლებიც შემდეგ წყალში ჩადის და ხელს უწყობს წყალმცენარეთა ზრდას. თავად ეს წყალმცენარეები კი შესანიშნავი საკვებია ბაქტერიისათვის, რომელიც შემდეგ სპობს ჟანგბადს.

„სისტემა ზედმეტად ჩახლართულია და ჰყავს უამრავი მონაწილე“, — აღნიშნავს კესტე.

ოკეანის ჟანგბადის კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით, კვლევა პროგნოზირებს, რომ ჟანგბადის დონე მომავალ წლებში კიდევ უფრო დაიკლებს და მკვდარ ზონათა ფართობი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზრდება.

კესტესა და მისი ჯგუფის შემდეგი ამოცანაა იმის გარკვევა, ეს პროცესი ჟანგბადით მომარაგების ზოგადი შემცირებითაა გამოწვეული თუ ამ კონკრეტულ რეგიონში ჟანგბადის მოხმარების ზრდით.

მომზადებულია uea.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით